უნგრეთში დღეს საპარლამენტო არჩევნები იმართება

უნგრეთი

უნგრეთში დღეს, 12 აპრილს საპარლამენტო არჩევნები იმართება.

კენჭისყრაში ხუთი პარტია მონაწილეობს, თუმცა ძირითადი კონკურენტები არიან მმართველი პარტია „ფიდესი“ და ოპოზიციური „ტისა“.

არჩევნები შერეული სისტემით ტარდება — ამომრჩეველი ერთდროულად აძლევს ხმას კონკრეტულ კანდიდატს და პარტიულ სიას. 199 საპარლამენტო მანდატიდან 106 მანდატი ოლქებში ნაწილდება მარტივი უმრავლესობით, დანარჩენი 93 კი — პროპორციულად. პარლამენტში მოხვედრისთვის პარტიას 5-პროცენტიანი ბარიერის გადალახვა სჭირდება. მთავრობის ჩამოყალიბებისთვის საჭიროა 100, საკონსტიტუციო უმრავლესობისთვის კი 133 მანდატი.

საარჩევნო უბნებზე ხმის მიცემა ადგილობრივი დროით 21:00 საათზე დასრულდება. პირველი შედეგები კი, უბნების დახურვიდან რამდენიმე საათში გახდება ცნობილი. არჩევნებს ეუთო-ს 200-კაციანი სადამკვირვებლო მისია აკვირდება.