VIDEO: ცნობილია, რომელ გადაცემას წაიყვანს მარიამ შენგელია „რუსთავი 2-ზე“
1756411581
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ საგარეო უწყებას დაავალა, გაარკვიოს უნგრეთის მიერ უკრაინელი სამხედრო მეთაურისთვის ქვეყანაში შესვლის აკრძალვის ყველა დეტალი და შესაბამისი რეაგირება მოახდინოს. ამის შესახებ ზელენსკიმ სოციალურ ქსელ X-ში დაწერა.
„ახლა, როდესაც ჩვენი ხალხი ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური რუსული ტერორისტული თავდასხმის შედეგებს უმკლავდება, ჩვენ ვხედავთ უნგრელი მაღალჩინოსნების კიდევ ერთ მცდელობას, შავი თეთრად წარმოაჩინონ და მიმდინარე ომთან დაკავშირებით ბრალეულობა უკრაინაზე გადაიტანონ“, – წერს ზელენსკი.
მისი თქმით, უკრაინამ დადებითად უპასუხა მსოფლიოს ყველა შეთავაზებას ცეცხლის შეწყვეტისა და რეალური დიპლომატიის შესახებ და ერთადერთი, ვინც ისინი უარყო, რუსეთი იყო.
„სამწუხაროდ, უნგრეთის მხრიდან რუსეთის ასეთ საქციელს სამართლიანი რეაქცია ჯერ კიდევ არ მოჰყოლია. არც კი გამოუთქვამთ თანაგრძნობა ჩვენი ხალხის დაღუპვის გამო – მხოლოდ გუშინ ღამით კიევში რუსულმა დრონებმა და რაკეტებმა 17 ადამიანი, მათ შორის ოთხი ბავშვი, შეიწირა. მიუხედავად ამისა, ყოველდღიურად ვისმენთ უნგრეთიდან უკრაინის წინააღმდეგ ახალ ბრალდებებს. უნგრელი მაღალჩინოსნები იმდენად შორს წავიდნენ, რომ ჩვენი სახელმწიფოსა და ხალხის დაცვაში მონაწილეობის გამო უკრაინაში უნგრეთის თემის წევრთა მიმართ დისკრიმინაციას ცდილობენ. თუ უნგრეთმა მართლაც აუკრძალა უნგრეთსა და მთელ შენგენის ზონაში შესვლა უკრაინის ერთ-ერთ სამხედრო მეთაურს, რომელიც ეთნიკური უნგრელია და უკრაინის მოქალაქეა, ამან მხოლოდ აღშფოთება შეიძლება გამოიწვიოს. დავავალე უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს, დააზუსტოს ყველა ფაქტი და მოახდინოს შესაბამისი რეაგირება“, – წერს ზელენსკი.
დღეს უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, პიტერ სიიარტომ განაცხადა, რომ ქვეყანაში შესვლა აუკრძალეს იმ უკრაინული სამხედრო დანაყოფის მეთაურს, რომელმაც მილსადენ „დრუჟბაზე“ ბოლო თავდასხმა განახორციელა. უნგრელი დიპლომატის თქმით, ბოლო პერიოდში უკრაინამ რამდენიმე თავდასხმა განახორციელა მილსადენ „დრუჟბაზე“, რომელსაც დიდი მნიშვნელობა აქვს უნგრეთის უსაფრთხო ენერგომომარაგებისთვის. როგორც უკრაინული გამოცემა „ევროპეისკაია პრავდა“ უნგრულ მედიაზე დაყრდნობით წერს, უნგრეთის პრემიერ-მინისტრის ოფისში დაადასტურეს, რომ უკრაინელი სამხედრო მეთაური, რომელსაც ქვეყანაში შესვლა აუკრძალეს, ეთნიკურად უნგრელი რობერტ ბროვდია, რომელიც ცნობილია მეტსახელით „მადიარი“. რობერტ ბროვდი უკრაინის უპილოტო სისტემების ძალების მეთაურია.