უნგრეთის პრემიერ-მინისტრი აცხადებს, რომ უკრაინა უნგრეთში დაგეგმილ საპარლამენტო არჩევნებში ჩარევას ცდილობს

 ვიქტორ ორბანი

 უნგრეთის პრემიერ-მინისტრი აცხადებს, რომ უკრაინა უნგრეთში დაგეგმილ საპარლამენტო არჩევნებში ჩარევას ცდილობს, ვიქტორ ორბანი ამავე დროს ამბობს, რომ ამას არ დაუშვებს.

საკითხთან დაკავშირებით უკრაინის ელჩს ბუდაპეშტში, საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარებენ.

"გასულ კვირას უკრაინელმა პოლიტიკურმა ლიდერებმა და თავად პრეზიდენტმაც კი შეურაცხმყოფელი და მუქარის შემცველი კომენტარები გააკეთეს უნგრეთის და უნგრეთის მთავრობის მიმართ. ჩვენმა ეროვნული უსაფრთხოების ორგანიზაციებმა შეაფასეს უკრაინის ეს უახლესი თავდასხმა და დაადგინეს, რომ მომხდარი კოორდინირებული უკრაინული ზომების სერიის ნაწილია, რომლითაც ისინი უნგრეთის არჩევნებში ჩარევას აპირებენ. არ შეგვიძლია დავუშვათ, რომ საფრთხე შეექმნას უნგრეთის სუვერენიტეტს ან უნგრული არჩევნების მთლიანობას. ამიტომ, დღეს საგარეო საქმეთა მინისტრს, პიტერ სიიარტოს დავავალე, უნგრეთში უკრაინის ელჩი გამოიძახოს. ჩვენ დავიცავთ უნგრეთის სუვერენიტეტსა და ინტერესებს," - აცხადებს ვიქტორ ორბანი.

შეგახსენებთ, უნგრეთში საპარლამენტო არჩევნები 12 აპრილს შედგება.