ლოცვა, რომელიც ფერისცვალების დღესასწაულზე უნდა წაიკითხოთ
1787115660
უკრაინის უმაღლესმა რადამ ევგენი ხმარა უკრაინის თავდაცვის მინისტრად დაამტკიცა. ამ თანამდებობაზე ხმარამ მიხაილო ფედოროვი შეცვალა. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინის საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს.
ევგენი ხმარას კანდიდატურას 312-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი. ახლად დანიშნულმა თავდაცვის მინისტრმა პარლამენტის დარბაზში ფიცი დადო.
სხდომის დროს ევგენი ხმარამ განაცხადა, რომ სამხედრო სამსახური უკვე დატოვა. უკრაინის კანონმდებლობის თანახმად, თავდაცვის მინისტრის თანამდებობის დაკავება მხოლოდ სამოქალაქო პირს შეუძლია.
„საჭიროა ინიციატივის ხელში ჩაგდება ყველა მიმართულებით – ხმელეთზე, ზღვაზე, ჰაერში და საინფორმაციო სივრცეში. ყველაფერი სწრაფად უნდა გაკეთდეს. არმიას იარაღი სჭირდება. შესყიდვები მხოლოდ ფრონტის ინტერესებს უნდა ემსახურებოდეს და არა ვინმეს პირად ინტერესებს“, – განაცხადა ევგენი ხმარამ.
ხმარამ ასევე განაცხადა, რომ მობილიზაციასთან დაკავშირებით „კომპლექსური გადაწყვეტილება“ უნდა იყოს მიღებული. უკრაინელი სამხედროები სათანადოდ უნდა იყვნენ მომზადებულები, აღჭურვილი და ინტეგრირებული. მისი თქმით, მობილიზაციის გეგმა ომის ხედვაზე უნდა იყოს დამოკიდებული და ამ საკითხზე სამინისტრო უკვე მუშაობს გენერალურ შტაბთან ერთად.
მანამდე უკრაინის უმაღლესმა რადამ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრად ანდრეი სიბიგას დანიშვნას დაუჭირა მხარი.
ცნობისთვის, 12 ივლისს უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ მინისტრთა კაბინეტის განახლება და უკრაინის ახალი პოლიტიკური სტრატეგიის ფარგლებში სამართალდამცავი ორგანოების ხელმძღვანელებს შორის საკადრო ცვლილებები დააანონსა.