უკრაინა, აშშ, გერმანია, საფრანგეთი და დიდი ბრიტანეთი ჟენევაში მოლაპარაკებებს გამართავენ

ანდრეი ერმაკი

დღეს ჟენევაში უკრაინის, აშშ-ისა და ევროპის ქვეყნების - გერმანიის, საფრანგეთისა და დიდი ბრიტანეთის წარმომადგენლებს შორის მოლაპარაკებები გაიმართება. ინფორმაცია ჟურნალისტებს ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, კირ სტარმერმა დაუდასტურა. შეხვედრამდე სტარმერმა აშშ-ის პრეზიდენტთან, დონალდ ტრამპთან სატელეფონო საუბარი გამართა.

ამ ეტაპზე ასევე უცნობია გერმანიისა და საფრანგეთის დელეგაციების შემადგენლობა. გამოცემა Axios-ის ცნობით, ამერიკის დელეგაციას სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო უხელმძღვანელებს. დელეგაციის შემადგენლობაში ასევე იქნებიან პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენლები: სტივენ უიტკოფი (სამშვიდობო გეგმის მთავარი ავტორი) და დენ დრისკოლი.

კიევში ოფიციალურად განაცხადეს, რომ უკრაინას მოლაპარაკებებზე წარმოადგენს დელეგაცია პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის, ანდრეი ერმაკის, მეთაურობით.

მანამდე ცნობილი გახდა, რომ ევროკავშირი უკრაინისა და აშშ-ის „სამშვიდობო გეგმის“ საკითხზე სპეციალურ შეხვედრას 24 ნოემბერს გამართავს.

Axios-მა რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების გეგმა გაასაჯაროვა. გამოცემის ინფორმაციით, გეგმაზე აშშ და რუსეთი ფარულად მუშაობდნენ. Axios-ის ინფორმაციით, ამ გეგმის თანახმად, აშშ მზადაა, ყირიმი და დონბასი რუსეთის ტერიტორიად აღიაროს. ტრამპის გეგმა უკრაინისგან მაქსიმალურ დათმობებს მოითხოვს.

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ დასავლელ მოკავშირეებთან ერთად ტრამპის წინადადებებზე დაყრდნობით მუშაობისთვის მზადყოფნა გამოთქვა. რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა კი განაცხადა, რომ ტრამპის გეგმა „შესაძლოა საბოლოო სამშვიდობო დარეგულირებას“ დაედოს საფუძვლად. თავად ტრამპმა კი აღნიშნა, რომ უკრაინისთვის შეთავაზებული ამჟამინდელი სამშვიდობო გეგმა საბოლოო წინადადება არ არის.