1789984622
თურქეთში კომპანია Katilimevim-ის ფასიანი ქაღალდების ფასებით სავარაუდო მანიპულირების გარშემო მიმდინარე გამოძიების ფარგლებში 15 ადამიანი დააკავეს
თურქეთის ხელისუფლებამ 15 ადამიანი დააკავა, კომპანია Katilimevim-ის ფასიანი ქაღალდების ფასებით სავარაუდო მანიპულირების გარშემო მიმდინარე გამოძიების ფარგლებში. ამის შესახებ ინფორმაციას იუსტიციის მინისტრი აქინ გიურლექი ავრცელებს.
მისივე თქმით, პროკურატურამ სისხლის სამართლის საქმე საერთო ჯამში 25 პირის წინააღმდეგ აღძრა, 10 ეჭვმიტანილი კი ძებნაშია.
გასულ კვირას, თურქეთის ფინანსური ზედამხედველობის სააგენტომ სისხლის სამართლის საჩივარი შეიტანა 38 პირის წინააღმდეგ, რომლებიც ეჭვმიტანილი არიან Katilimevim-ისა და კიდევ ორი კომპანიის აქციებით მანიპულირებაში. მათ ორწლიანი სავაჭრო აკრძალვა დაეკისრათ, ხოლო ცხრა საინვესტიციო და ფინანსური კომპანიის ხელმძღვანელებს აქტივები და ფინანსური ტრანზაქციები გაეყინათ. ეს დაკავებები და შეზღუდვები ნაწილია უფრო ფართო კამპანიისა, რომელიც მიზნად ისახავს საფონდო ბაზარზე ფასების მანიპულირების აღკვეთას.
ხელისუფლებამ ბანკებს, სანოტარო ბიუროებს, მიწის რეგისტრაციისა და ფინანსურ დანაშაულთა ზედამხედველობის სააგენტოებს (MASAK) განკარგულება მისცა, აღკვეთონ გამოძიების ქვეშ მყოფი აქტივების გასხვისება, გადაცემა თუ შემცირება.
ამ კრიზისის წინაპირობა გახდა ის, რომ რამდენიმე საინვესტიციო ფონდმა შეიძინა ისეთი კომპანიების აქციები, რომელთაც ბაზარზე დაბალი ლიკვიდურობა და მცირე სავაჭრო მოცულობა ჰქონდათ (მათ შორის Katılımevim, Gündoğdu Gıda და Destek Finans Faktoring).
აქციების ფასების ხელოვნურმა ზრდამ ფონდებს მაღალი მომგებიანობა დაუფიქსირა, რამაც ათასობით ინვესტორის ახალი კაპიტალი მიიზიდა. თუმცა, მას შემდეგ, რაც მარეგულირებელმა ორგანომ წესები გაამკაცრა, ინვესტორებმა თანხების გამოსატანად განაცხადების შეტანა დაიწყეს. ფონდებმა ვეღარ შეძლეს დაბალლიკვიდური აქციების სწრაფად განაღდება, რის გამოც ინვესტორებს მოთხოვნილი თანხები დროულად ვერ გადაუხადეს. შედეგად, თურქეთის ფასიანი ქაღალდების ბაზრის რეგულატორმა შეაჩერა ვაჭრობა და 130-ზე მეტი საინვესტიციო ფონდის ლიკვიდაციის ბრძანება გასცა.
ფონდების აქტივების მართვა და ეტაპობრივი რეალიზაცია თურქეთის წამყვან ბანკებს — Türkiye İş Bankası-სა და Ziraat Bankası-ს დაევალათ. კრიზისის ფონზე სტამბოლის საფონდო ბირჟის ინდექსი (BIST 100) 5.5%-ით დაეცა, რის გამოც ვაჭრობის ავტომატური შეჩერების მექანიზმი (Circuit Breaker) ამოქმედდა, ხოლო ერთ დღეში ფონდებიდან 55 მილიარდ ლირაზე ($1.13 მილიარდი) მეტი გავიდა.











