თურქეთის სკოლაში სროლის შედეგად დაღუპულთა რიცხვი ცხრამდე გაიზარდა

თურქეთი

თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა მუსტაფა ჩიფტჩიმ განაცხადა, რომ ქაჰრამანმარაშში, სკოლაში სროლის შედეგად დაღუპულთა რიცხვი ცხრამდე გაიზარდა.

„ამ ინციდენტში ცხრა ადამიანი - რვა მოსწავლე და ერთი მასწავლებელი - დაიღუპა“, - განუცხადა მან ჟურნალისტებს. ადრე ვრცელდებოდა ინფორმაცია ოთხი გარდაცვლილისა და 20 დაშავებულის შესახებ.

ხელისუფლების ცნობით, საავადმყოფოებში 13 დაჭრილი რჩება, რომელთაგან ექვსი რეანიმაციაშია. სამის მდგომარეობა მძიმეა. თავდამსხმელმა, მერვეკლასელმა, თავდასხმის შემდეგ თავი მოიკლა. ინციდენტის გარემოებები იძიება.ეს თურქეთში სკოლაზე თავდასხმა მეორეა სულ რამდენიმე დღეში. გუშინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ უცნობმა შეიარაღებულმა პირმა შანლიურფას პროვინციის ქალაქ სივერეკში საგანმანათლებლო დაწესებულებას დაესხა თავს. ადგილობრივი მედიის ცნობით, თავდამსხმელმა 16 ადამიანი დაჭრა და მძევლები აიყვანა. თვითმხილველების თქმით, თავდამსხმელი დაახლოებით 17-18 წლისაა და მას გრძელლულიანი იარაღი, სავარაუდოდ, თოფი ეჭირა.