ტრამპმა ნორვეგიის პრემიერს წერილი გაუგზავნა - „თქვენმა ქვეყანამ გადაწყვიტა, არ მოეცა ნობელის მშვიდობის პრემია, თავს ვალდებულად აღარ ვგრძნობ, მხოლოდ მშვიდობაზე ვიფიქრო“

დონალდ ტრამპი

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ნორვეგიის პრემიერ-მინისტრ იონას გარ სტორეს წერილი გაუგზავნა, სადაც აღნიშნავს, რომ ნობელის მშვიდობის პრემიის ვერმოპოვების გამო, „თავს ვალდებულად აღარ გრძნობს, მხოლოდ მშვიდობაზე იფიქროს“. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას „ბლუმბერგი“ ავრცელებს.

გავრცელებული ცნობით, ტრამპი წერილში აღნიშნავს, რომ რვაზე მეტი ომი დაასრულა, თუმცა ნობელის მშვიდობის პრემია მაინც არ მისცეს.

„იმის გათვალისწინებით, რომ თქვენმა ქვეყანამ გადაწყვიტა, არ მოეცა ჩემთვის ნობელის მშვიდობის პრემია რვა „პლუს“ ომის შეჩერებისთვის, აღარ ვგრძნობ თავს ვალდებულად, მხოლოდ მშვიდობაზე ვიფიქრო“, – ნათქვამია დონალდ ტრამპის წერილში.

აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, ახლა მას შეუძლია, იფიქროს იმაზე, „რა არის კარგი და სწორი ამერიკის შეერთებული შტატებისთვის“.

„მსოფლიო უსაფრთხო არ იქნება, თუ გრენლანდიაზე სრული და ტოტალური კონტროლი არ გვექნება“, – აღნიშნავს ტრამპი.

ნობელის მშვიდობის პრემიას ოსლოში, ნობელის კომიტეტი გასცემს. როგორც ნორვეგიის პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, ნორვეგიის მთავრობას ამ პროცედურაზე გავლენა არ აქვს.

„ნობელის მშვიდობის პრემიასთან დაკავშირებით რამდენჯერმე ავუხსენი ტრამპს ის, რაც კარგად არის ცნობილი: პრემიას არა ნორვეგიის მთავრობა, არამედ დამოუკიდებელი ნობელის კომიტეტი გასცემს“,  – განაცხადა ნორვეგიის პრემიერ-მინისტრმა.