1692302192
ტრამპმა ალკატრასის ციხის გახსნის ბრძანება გასცა, სადაც ცნობილი ბოროტმოქმედები იხდიდნენ სასჯელს

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ციხეების ფედერალურ ბიუროს ცნობილი ციხის, ალკატრასის, რომელიც სან-ფრანცისკოს ყურეში მდებარეობს, რეაბილიტაცია და თავიდან გახსნა დაავალა. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
სააგენტოს ინფორმაციით, ალკატრასის ციხეში ისეთი ცნობილი ბოროტმოქმედები იხდიდნენ სასჯელს, როგორიც იყო ალ კაპონე. ციხე 1963 წელს დაიხურა და სან-ფრანცისკოს ერთ-ერთ ტურისტულ ღირსშესანიშნაობად იქცა.
ფლორიდიდან თეთრ სახლში დაბრუნებულმა ტრამპმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ციხის გახსნა მისი იდეა იყო. „ის კანონისა და წესრიგის სიმბოლოა“, - აღნიშნა მან.
ალკატრასი აშშ-ის ყველაზე უსაფრთხო ციხე იყო. ის კუნძულზე მდებარეობს, რომლის გარშემო წყალი საკმაოდ ცივია, ხოლო დინება - სწრაფი. ალკატრასიდან პატიმრების გაქცევის არცერთი წარმატებული შემთხვევა არ დაფიქსირებულა. ოფიციალურად ხუთი მსჯავრდებული უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება. სავარაუდოდ, ისინი წყალში დაიხრჩნენ.