ტრამპის ადმინისტრაციამ ჰარვარდის უნივერსიტეტს საერთაშორისო სტუდენტების ჩარიცხვის უფლება შეუწყვიტა

ჰარვარდი

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ ჰარვარდის უნივერსიტეტს საერთაშორისო სტუდენტების ჩარიცხვის უფლება შეუწყვიტა.

აშშ-ის საშინაო უსაფრთხოების მდივნის, კრისტი ნოემის თქმით, ტრამპის ადმინისტრაციამ გააუქმა ჰარვარდის „სტუდენტური და გაცვლითი პროგრამის“ სერტიფიკაცია „კანონის შეუსრულებლობის“ გამო.

„ეს ადმინისტრაცია ჰარვარდის უნივერსიტეტს პასუხისმგებლობას აკისრებს ძალადობის, ანტისემიტიზმის წახალისებისა და ჩინეთის კომუნისტურ პარტიასთან მის კამპუსში კოორდინაციისთვის. უნივერსიტეტებისთვის უცხოელი სტუდენტების მიღება პრივილეგიაა და არ აქვთ სწავლის საფასურის გაზრდის გზით მათი მრავალმილიარდიანი ფონდების შევსების უფლება. ჰარვარდს უამრავი შესაძლებლობა ჰქონდა სწორი ნაბიჯის გადადგმისთვის, მაგრამ მან უარი თქვა. კანონის შეუსრულებლობის გამო მათ დაკარგეს სტუდენტური და გაცვლითი პროგრამის სერტიფიკატი. ეს უნდა იყოს გაფრთხილება ქვეყნის მასშტაბით ყველა უნივერსიტეტისა და აკადემიური დაწესებულებისთვის“, – წერს ნოემი სოციალურ ქსელში.

ჰარვარდის უნივერსიტეტმა ეს ნაბიჯი „უკანონოდ“ შეაფასა. ჰარვარდის უნივერსიტეტის მონაცემების თანახმად, გასულ სასწავლო წელს დაწესებულებაში თითქმის 7 000 უცხოელი სტუდენტი იყო ჩარიცხული.