VIDEO: „მე წავედი“ - რატომ დატოვა ზურა ხაჩიძემ „იმღერეს“ სტუდია და რა მოხდა გადაცემაში
1790364600
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ირანის მიერ შეთავაზებული შვიდდღიანი ცეცხლის შეწყვეტის წინადადება უარყო და თანაშემწეებს განუცხადა, რომ ნოემბერში შუალედური არჩევნების დასრულების შემდეგ ირანის დაბომბვის განახლებას ელოდება. ინფორმაციას The Wall Street Journal-ი ამერიკელ მაღალჩინოსნებზე დაყრდნობით ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, თეირანის შეთავაზება ჰორმუზის სრუტის გახსნასა და ბირთვული მოლაპარაკებების განახლებას ითვალისწინებდა. სანაცვლოდ, ირანი აშშ-გან ირანის პორტების ბლოკადის მოხსნას ითხოვდა, რაც ქვეყნის ეკონომიკას სერიოზულ ზიანს აყენებს.
ტრამპი ღიად აცხადებს, რომ თეირანი შუალედური არჩევნების შემდეგ მის მიერ შეთავაზებული შეთანხმების მისაღებად „ევედრება“, რომლის შედეგადაც ირანის ბირთვული პროგრამა სრულად უნდა დაიშალოს.
თუმცა, ამერიკელი მაღალჩინოსნების ცნობით, ტრამპს პირად საუბრებში ეჭვი ეპარება, რომ ირანი მის მოთხოვნებს შეასრულებს და თანამშრომლებისთვის უთქვამს, რომ ირანის წინააღმდეგ დაბომბვის კამპანიის განახლება სავარაუდოა.
ტრამპის ამჟამინდელი პოზიცია მიუთითებს, რომ კონფლიქტი, რომელიც ამ ეტაპზე ომსა და მშვიდობას შორის გაურკვეველ მდგომარეობაში იმყოფება, შესაძლოა, კვლავ საომარი მოქმედებებისკენ გადაიხაროს, წერს The Wall Street Journal-ი.
ამასთან, პრეზიდენტი, რომელიც შვიდთვიანი ომის დაწყების პირველივე დღეებიდან აცხადებს, რომ გამარჯვებას მიაღწია, ირანის საკითხზე პოზიციას ცვლის. ის ერთ შემთხვევაში დიპლომატიის გზას ეძებს, მეორე შემთხვევაში ავიადარტყმების განხორციელების ბრძანებას გასცემს, შემდეგ კი ირანის წინააღმდეგ სანქციებს ამკაცრებს.
ამერიკელი მაღალჩინოსნების თქმით, მომდევნო კვირებში, ომის გახანგრძლივებასთან ერთად, ტრამპის პოზიცია შესაძლოა შეიცვალოს და მასზე გავლენა შუალედური არჩევნების შედეგებმაც იქონიოს.
ჯერჯერობით უცნობია, რა მასშტაბის დარტყმების განხორციელებას განიხილავს ტრამპი.
ამერიკელი მაღალჩინოსნების ინფორმაციით, პრეზიდენტს ფართომასშტაბიანი სამხედრო ოპერაციების განახლება არ სურს ნაწილობრივ იმიტომ, რომ აშშ-ს სურს, არსებული მცირე საბრძოლო მასალის მარაგი სხვა შესაძლო კონფლიქტებისთვის შეინარჩუნოს.