მეტროს პირველ ხაზზე მოძრაობა ნაწილობრივ შეჩერებულია - დეტალები
1782192392
ირანი თუ შეთანხმებას დაარღვევს, საჭირო ნაბიჯებს გადავდგამთ, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა თეთრ სახლში ჟურნალისტებთან საუბრისას განახადა.
ჟურნალისტების კითხვაზე, უკავშირდება თუ არა სანქციების შესაძლო შემსუბუქება ირანული ნავთობის ექსპორტს, ტრამპმა აღნიშნა, რომ მიღებული შემოსავლები, მისი მოლოდინით, პირველ რიგში, სასურსათო პროდუქტების შესაძენად იქნება გამოყენებული.
„ირანში 91 მილიონი ადამიანი ცხოვრობს და ქვეყანას საკუთარი მოსახლეობის სრულად გამოკვება უჭირს. თუ სანქციები შემსუბუქდება, ეს თანხები დიდწილად ამერიკელი ფერმერებისგან სიმინდისა და სოიოს შესაძენად დაიხარჯება“, – განაცხადა აშშ-ის ლიდერმა.
კითხვაზე, როგორ აპირებს აშშ, უზრუნველყოს, რომ ირანმა ნავთობიდან მიღებული შემოსავლები სამხედრო პოტენციალის აღსადგენად არ გამოიყენოს, ტრამპმა უპასუხა, რომ, შეთანხმების მიხედვით, ეს დაუშვებელია, თუმცა საბოლოოდ ყველაფერი პრაქტიკულ ქმედებებზე იქნება დამოკიდებული.
„ვნახავთ, როგორ მოიქცევიან. მათ ეს თანხები საკუთარი მოსახლეობის საკვებზე უნდა დახარჯონ და არა სამხედრო მიზნებისთვის“, – აღნიშნა ტრამპმა.
ჟურნალისტებმა ასევე ჰკითხეს პრეზიდენტს, მზად არის თუ არა ირანის წინააღმდეგ ახალი სამხედრო მოქმედებებისთვის, თუ თეირანი შეთანხმებას არ შეასრულებს. ტრამპმა განაცხადა, რომ ბირთვული იარაღის გაჩენის საფრთხე ნებისმიერ ეკონომიკურ რისკს აღემატება.
„ეკონომიკური დეპრესია ძალიან ცუდია, მაგრამ ბირთვული იარაღი გაცილებით უფრო საშიშია. თუ ირანი შეთანხმებას არ შეასრულებს ან სათანადოდ არ მოიქცევა, გავაკეთებ იმას, რაც აუცილებელი იქნება“, – განაცხადა ტრამპმა.