ტრამპი: გრენლანდიაში დიდი რაოდენობითაა იშვიათი წიაღისეული, მაგრამ ეს არ არის მიზეზი, რის გამოც ის გვჭირდება - გრენლანდია გვჭირდება სტრატეგიული ეროვნული და საერთაშორისო უსაფრთხოებისთვის

ტრამპი

დავოსის ეკონომიკურ ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა გრენლანდიის საკითხი განიხილა.

აშშ-ის პრეზიდენტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ კუნძულის დაცვა მხოლოდ ამერიკის შეერთებულ შტატებს შეუძლია.

„ნატოს ყველა მოკავშირეს აქვს ვალდებულება, შეეძლოს საკუთარი ტერიტორიის დაცვა“, - აღნიშნა ტრამპმა.

მისი თქმით, ამჟამინდელი რეალობით, არცერთ ქვეყანას თუ ქვეყანათა ჯგუფს არ შესწევს ძალა, უზრუნველყოს გრენლანდიის უსაფრთხოება, გარდა შეერთებული შტატებისა.

„ფაქტია, რომ აშშ-ის გარდა, გრენლანდიის დაცვა არცერთ ქვეყანას თუ ქვეყანათა ჯგუფს არ შეუძლია. ჩვენ ვართ ზესახელმწიფო - იმაზე ბევრად ძლიერი, ვიდრე ხალხს საერთოდ ესმის“, - დასძინა მან.

„გრენლანდია არის უზარმაზარი, თითქმის სრულიად დაუსახლებელი და განუვითარებელი ტერიტორია, რომელიც დაუცველია და მდებარეობს საკვანძო სტრატეგიულ ადგილას - ამერიკის შეერთებულ შტატებს, რუსეთსა და ჩინეთს შორის. იქ დიდი რაოდენობითაა იშვიათი წიაღისეული, თუმცა მათ მოსაპოვებლად ასობით კილომეტრი ყინულის ფენის გაჭრაა საჭირო. მაგრამ ეს არ არის მიზეზი, რის გამოც ის გვჭირდება. გრენლანდია ჩვენ გვჭირდება სტრატეგიული ეროვნული და საერთაშორისო უსაფრთხოებისთვის. ეს უზარმაზარი, დაუცველი კუნძული, ფაქტობრივად, ჩრდილოეთ ამერიკის ნაწილია, დასავლეთ ნახევარსფეროს ჩრდილოეთ საზღვარზე - ეს ჩვენი ტერიტორიაა“, - განაცხადა ტრამპმა.