The Washington Post: პენტაგონის შიდა სტატისტიკაზე წვდომის მქონე ექვსი ამერიკელი ოფიციალური პირის ცნობით, ირანში მიმდინარე ომის დროს ახლო აღმოსავლეთში იმაზე მეტი ამერიკელი სამხედრო დაიღუპა, ვიდრე ამას უწყება ოფიციალურად აცხადებს

ამერიკელი სამხედრო

პენტაგონის შიდა სტატისტიკაზე წვდომის მქონე ექვსი ამერიკელი ოფიციალური პირის ცნობით, ირანში მიმდინარე ომის დროს ახლო აღმოსავლეთში იმაზე მეტი ამერიკელი სამხედრო დაიღუპა, ვიდრე ამას უწყება ოფიციალურად აცხადებს, - წერს გამოცემა The Washington Post-ი.

ხუთი ოფიციალური პირის განცხადებით, დაღუპულ სამხედროთა რაოდენობა სულ მცირე 22-ს შეადგენს - ეს ოთხით მეტია იმ მონაცემებზე, რომლებიც პენტაგონის საჯარო ბაზაში (DCAS) ფიქსირდება.

მეექვსე ოფიციალური პირის ცნობით, რომელმაც სხვების მსგავსად ანონიმურობის პირობით ისაუბრა, 28 თებერვლიდან - მას შემდეგ, რაც ტრამპის ადმინისტრაციამ, ისრაელთან შეთანხმებით, ირანის წინააღმდეგ ომი წამოიწყო - 23 ამერიკელი სამხედრო დაიღუპა.

მისივე თქმით, გაუმჟღავნებელი სიკვდილიანობის ყველა შემთხვევა პირდაპირ არ უკავშირდება საბრძოლო მოქმედებებს, თუმცა ეხება ამერიკულ პერსონალს, რომელიც მიმდინარე კონფლიქტის ფონზე ახლო აღმოსავლეთში იმყოფებოდა.

გარდა ამისა, ოფიციალური პირის განცხადებით, საბრძოლო მოქმედებების დაწყების შემდეგ რეგიონში ბაზირებული სამი ამერიკელი კონტრაქტორიც დაიღუპა.

პარასკევის მონაცემებით, პენტაგონის DCAS-ის მონაცემთა ბაზა ირანის კონფლიქტის დაწყებიდან დღემდე საბრძოლო და არასაბრძოლო მოქმედებების შედეგად დაღუპულ 18 ამერიკელ სამხედროს აღრიცხავს.

გაუმჟღავნებელი სიკვდილიანობის დეტალები - მათ შორის დაღუპული სამხედროების ვინაობა, ასევე მათი გარდაცვალების დრო, მიზეზი და ადგილი - ჯერჯერობით უცნობია.

ოფიციალურმა პირებმა, რომლებიც მსხვერპლის რეალურ სტატისტიკას იცნობენ, უკმაყოფილება გამოთქვეს იმის გამო, რომ დამატებითი დანაკარგები პენტაგონის საჯარო პორტალზე ასახული არ არის.