„ჩემო, ჩემო და მხოლოდ ჩემო ალექსანდრე...“ - ბათუმში გაუჩინარებული ბიჭის დედა მიმართვას ავრცელებს
1786651124
ამერიკელი ოფიციალური პირების ცნობით, წინასწარ დაგეგმილი როტაციის ფარგლებში, აშშ ახლო აღმოსავლეთის რეგიონში ავიამზიდ USS George Washington-ის გაგზავნას გეგმავს, რომელიც USS Abraham Lincoln-ს ჩაანაცვლებს, - წერს გამოცემა The Wall Street Journal.
ავიამზიდ Lincoln-ის ხანგრძლივი მისიის განმავლობაში პორტებში გაჩერებები მინიმალური იყო, რის გამოც კანონმდებლებმა ხომალდზე არსებული საყოფაცხოვრებო პირობების შესახებ შეშფოთება გამოთქვეს.
Lincoln-მა დაგეგმილი მისია ნოემბერში დაიწყო, ხოლო იანვარში, ირანის წინააღმდეგ აშშ-ის ომის წინ, იგი ახლო აღმოსავლეთისკენ გადაამისამართეს. ავიამზიდი და მისი ავიაცია გადამწყვეტი აღმოჩნდა აშშ-ის კამპანიისთვის, რის შემდეგაც ხომალდი ირანული პორტების აშშ-ის მიერ დაწესებულ ბლოკადაში მონაწილეობს.
ოპერაციების მაღალმა ტემპმა და ხანგრძლივი მისიის სტრესმა მძიმე გავლენა იქონია მეზღვაურებზე. ამის შესახებ კანონმდებლები აცხადებენ, რომლებიც პენტაგონისგან ავიამზიდზე არსებული საყოფაცხოვრებო პირობებისა და ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების შესახებ დამატებით ინფორმაციას ითხოვენ.
Lincoln-ის მისია 250 დღეზე მეტია გრძელდება, ხომალდი პორტში 200 დღეა არ შესულა და ღია ზღვაში ყოფნის რეკორდი მოხსნა - იუწყება სენატორი რიჩარდ ბლუმენტალი, რომელმაც წერილი გაუგზავნა თავდაცვის მდივან პიტ ჰეგსეტსა და სამხედრო-საზღვაო ძალების მდივნის მოვალეობის შემსრულებელ ჰუნგ კაოს.
ამერიკელი ოფიციალური პირის ცნობით, ავიამზიდის როტაცია მანამ იყო დაგეგმილი, ვიდრე ხომალდზე არსებული საყოფაცხოვრებო პირობების შესახებ შეშფოთებას გამოთქვამდნენ.