The New York Times: უკრაინამ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ლითიუმის მსხვილი საბადოს მოპოვების უფლება იმ ინვესტორებს გადასცა, რომელთა შორისაც პრეზიდენტ ტრამპის მეგობარი მილიარდერიცაა

რონალდ ლაუდერი

უკრაინამ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ლითიუმის მსხვილი საბადოს მოპოვების უფლება იმ ინვესტორებს გადასცა, რომელთა შორისაც პრეზიდენტ ტრამპის მეგობარი მილიარდერიცაა, - წერს ამერიკული გაზეთი The New York Times.

გადაწყვეტილება უკრაინის სამთავრობო კომისიამ მიიღო - ამის შესახებ ინფორმაციას კომისიის ორი წევრი ავრცელებს, რომლებმაც ვინაობის გამჟღავნება კენჭისყრის სენსიტიური ხასიათის გამო არ ისურვეს.

მიუხედავად იმისა, რომ საკითხი ჯერ კიდევ საჭიროებს უკრაინის მინისტრთა კაბინეტის ოფიციალურ დამტკიცებას, მაღალჩინოსნების თქმით, შეთანხმება, ფაქტობრივად, უკვე გადაწყვეტილია.

გამარჯვებული კონსორციუმი მჭიდროდ არის დაკავშირებული ტრამპის ადმინისტრაციასთან. მასში შედის რონალდ ლაუდერი - კოსმეტიკური იმპერიის მემკვიდრე, რომელიც ტრამპს სტუდენტობის პერიოდიდან იცნობს და სწორედ მან მიაწოდა მას რესურსებით მდიდარი გრენლანდიის ყიდვის იდეა.

მეორე ინვესტორი არის TechMet-ი - ენერგეტიკული კომპანია, რომლის წილის ნაწილს აშშ-ის სამთავრობო საინვესტიციო სააგენტო ფლობს; ეს სააგენტო ტრამპის პირველი საპრეზიდენტო ვადის დროს შეიქმნა.