The New York Times-ი აქვეყნებს ფოტომასალას, რომელზეც ირანში დაბომბილ სკოლასთან ამერიკული რაკეტის ნაწილები ჩანს

ირანი

ამერიკულმა გამოცემა The New York Times-მა გამოაქვეყნა ფოტომასალა, რომლის ანალიზის საფუძველზე ასკვნის, რომ ირანის ქალაქ მინაბში დაბომბილი გოგონათა სკოლის ნანგრევებთან ამერიკული რაკეტის ფრაგმენტებია ნაპოვნი.

„რაკეტების ფრაგმენტებს, რომლებიც სავარაუდოდ ირანის სამხრეთით 28 თებერვალს სამხედრო-საზღვაო ბაზაზე და დაწყებით სკოლაზე დარტყმის დროს იყო გამოყენებული, ამერიკული ფრთოსანი რაკეტისთვის დამახასიათებელი მარკირება აქვს“, - აღნიშნავს გამოცემა.

იდენტიფიცირებულ კომპონენტთა შორის Tomahawk-ის ტიპის ფრთოსანი რაკეტის ნაწილებია. ფრაგმენტები მიუთითებს, რომ რაკეტა 2014 წლის შემდეგ იყო დამზადებული. ნაპოვნია მისი ანტენა SDL ANTENNA, მართვის მექანიზმი და სხვა ნაწილები, რომლებზეც დატანილია ამერიკული მწარმოებლების Ball Aerospace Technologies და Globe Motors სახელები. ასეთი კომპონენტები ადრე ნაპოვნია იემენსა და სირიაში.

როგორც The News York Times-ი წერს, აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა თავდაპირველად ჯერ განაცხადა, რომ ირანმა თვითონ დაბომბა თავისი სკოლა, მაგრამ მოგვიანებით თქვა, რომ მზადაა მიიღოს გამოძიების ნებისმიერი შედეგები. ჟურნალისტების კითხვებზე პასუხის გაცემის დროს მან აგრეთვე ივარაუდა, რომ ირანს, შესაძლოა, საკუთარი Tomahawk-ები ჰქონდეს.

„ირანს არ აქვს Tomahawk-ები. ნებისმიერმა ქვეყანამ, რომელსაც აშშ-მა Tomahawk-ები მიჰყიდა, სახელმწიფო დეპარტამენტისგან ნებართვა უნდა აიღოს, რათა ისინი მესამე ქვეყანას, ისეთს, როგორიცაა ირანი, გადასცეს“, - წერს გამოცემა.

ცნობისთვის, ირანში საბრძოლო მოქმედებების დაწყების პირველივე დღეს მინაბში გოგონათა სკოლა დაიბომბა. დაბომბვის შედეგად 175 ადამიანი დაიღუპა. მათი უმეტესობა სკოლის მოსწავლე იყო.