The New York Post: ტრამპს სურს, რომ გაეროს გენერალური მდივნის პოსტი FIFA-ს პრეზიდენტმა ჯანი ინფანტინომ დაიკავოს

ნჯ

 აშშ-ის პრეზიდენტს დონალდ ტრამპს სურს, რომ ფეხბურთის საერთაშორისო ფედერაციის (FIFA) პრეზიდენტი ჯანი ინფანტინო გაეროს შემდეგი გენერალური მდივანი გახდეს. ინფორმაციას The New York Post-ი საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.

გამოცემის ინფორმაციით, 56 წლის ინფანტინო ტრამპს წელს გამართული მსოფლიო ჩემპიონატის ორგანიზების პროცესში დაუახლოვდა. წყაროს ცნობით, შვეიცარიაში დაბადებული ფეხბურთის ფუნქციონერი აქტიურად ცდილობდა ტრამპთან ურთიერთობის გაღრმავებას, მათ შორის, დეკემბერში მას FIFA-ს პირველი მშვიდობის პრიზიც გადასცა.

ტრამპთან დაახლოებული წყაროს განცხადებით, პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ ინფანტინოს „მთელ მსოფლიოში პატივს სცემენ და მას ადამიანების გაერთიანების განსაკუთრებული უნარი აქვს“.

გამოცემის ინფორმაციით, პორტუგალიელი ანტონიუ გუტერეში, რომლის უფლებამოსილების ვადა დეკემბრის ბოლოს იწურება, გაეროს გენერალური მდივნის თანამდებობას დატოვებს, ხოლო მისი შემცვლელი მიმდინარე წელს უნდა აირჩიონ.

თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატმა ჯერ გაეროს უშიშროების საბჭოს 15 წევრის მხარდაჭერა უნდა მოიპოვოს. ამ ეტაპზე გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს საბჭოს ხუთი მუდმივი წევრის პოზიციას, რადგან თითოეულ მათგანს ვეტოს უფლება აქვს. ამის შემდეგ კანდიდატურა გენერალურმა ასამბლეამ უნდა დაამტკიცოს.

ჯერჯერობით უცნობია, სურს თუ არა თავად ინფანტინოს ამ პოსტის დაკავება და განიხილა თუ არა მან ეს საკითხი ტრამპთან.

ამასთან, გამოცემის წყაროები აღნიშნავენ, რომ ტრამპი კონკურენტ კანდიდატებს სუსტად მიიჩნევს. ერთ-ერთმა მათგანმა შვიდივე კანდიდატი „უსუსურად“ შეაფასა.

ყველაზე ცნობილ პრეტენდენტებს შორის დასახელებული არიან ჩილეს ყოფილი პრეზიდენტი მიშელ ბაჩელეტი, რომელსაც, გამოცემის შეფასებით, შესაძლოა, აშშ-ის წინააღმდეგობა შეხვდეს და ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს (IAEA) გენერალური დირექტორი არგენტინელი რაფაელ გროსი. სტატიის თანახმად, გროსის შემთხვევაში გაერთიანებული სამეფოს პოზიციაზე გავლენა, შესაძლოა, ფოლკლენდის კუნძულებთან დაკავშირებულმა დავამ მოახდინოს.

The New York Post-ი წერს, რომ ტრამპის იდეა არღვევს არაოფიციალურ პრაქტიკას, რომლის მიხედვითაც გაეროს გენერალური მდივნის პოსტი ამჯერად ლათინური ამერიკის ან კარიბის ზღვის რეგიონის წარმომადგენელს უნდა ერგოს. თუმცა გამოცემის რამდენიმე წყაროს შეფასებით, ეს გეოგრაფიული პრინციპი სავალდებულო არ არის და ინფანტინოს, ტრამპის მხარდაჭერის გარდა, სხვა ქვეყნების მხარდაჭერის მიღებაც შეუძლია.