თეთრი სახლი: კუბის მთავრობა კვლავ საფრთხეს უქმნის აშშ-ის ეროვნულ უსაფრთხოებას, ჰავანაში ნავთობის მიმწოდებელი ნებისმიერი ქვეყანა ეკონომიკურ შედეგებს წააწყდება ტარიფების სახით

თეთრი სახლი

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა აღმასრულებელ ბრძანებას, რომლითაც ახალი ტარიფები დაწესდა იმ ქვეყნებიდან საქონელზე, რომლებიც კუბაში ნავთობისა და ნავთობპროდუქტების მიწოდებას განაგრძობენ.

„კუბის მთავრობა კვლავ საფრთხეს უქმნის შეერთებული შტატების ეროვნულ უსაფრთხოებას. ჩვენ არ დავუშვებთ, რომ უცხო ქვეყნებმა ამ რეჟიმის მხარდაჭერა სასიცოცხლო ენერგეტიკული რესურსებით უზრუნველყოფით მოახდინონ. ამიერიდან, ჰავანაში ნავთობის მიმწოდებელი ნებისმიერი ქვეყანა ეკონომიკურ შედეგებს წააწყდება შეერთებულ შტატებში შეტანილ საქონელზე ტარიფების სახით“, – ნათქვამია თეთრი სახლის განცხადებაში.

თეთრი სახლი აღნიშნავს, რომ ეს შეზღუდვები გავრცელდება ყველა ქვეყანაზე, გამონაკლისის გარეშე, რომელიც კუბასთან ენერგეტიკულ თანამშრომლობას გააგრძელებს.

ცნობისთვის, რამდენიმე დღის წინ, ტრამპმა განაცხადა, რომ „კუბა მალე დაინგრევა“ და აღნიშნა, რომ ვენესუელა, რომელიც ოდესღაც კუნძულის ნავთობის მთავარი მიმწოდებელი იყო, კუბას აღარ უგზავნის არც ნავთობს და არც ფულს.

Financial Times-ის ცნობით, კუბას დაახლოებით 15-20 დღის ნავთობის მარაგი აქვს დარჩენილი მიმდინარე მოხმარებისა და შიდა წარმოების დონის გათვალისწინებით.