1785180731
სრულიად უპრეცედენტო ხანძრის წინაშე ვდგავართ, დღეს ვითარება ყველაზე მძიმეა, რაც კი მეორე მსოფლიო ომის შემდეგ დაფიქსირებულა - ემანუელ მაკრონი
საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი ქალაქ ბორდოში სახანძრო-სამაშველო სამსახურის ცენტრს ეწვია. მისი თქმით, ქვეყანა უპრეცედენტო ხანძრების წინაშეა.
„უნდა გვესმოდეს, რომ ჩვენ სრულად უპრეცედენტო ხანძრის წინაშე ვდგავართ. დღეს არსებული ვითარება ყველაზე მძიმეა, რაც კი მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ოდესმე დაფიქსირებულა. 160 000 ჰექტარზე მეტი უკვე დაიწვა და სეზონი ჯერ კიდევ შორს არის დასასრულისგან“, – განაცხადა ემანუელ მაკრონმა.
მაკრონმა მადლობა გადაუხადა იმ სახელმწიფოებს, რომლებიც მასშტაბური ხანძრების ჩაქრობის პროცესში მონაწილეობას იღებენ.
„მინდა, მადლობა გადავუხადო ჩვენს ევროპელ მეგობრებს, რომლებიც ჩვენს დასახმარებლად მობილიზებულები არიან. რამდენიმე წლის წინ ჩვენ შევქმენით ეს ევროპული სოლიდარობის მექანიზმი. თავდაპირველად, ჩვენ მას ჩვენი ევროპელი პარტნიორების დასახმარებლად ვიყენებდით, რომლებიც დამანგრეველი ხანძრების შედეგად მძიმედ დაზარალდნენ. ახლა კი, როგორც ხედავთ, ჩვენ თვითონ ვიყენებთ მას“, – განაცხადა მაკრონმა.
ამასთან, მასშტაბური ხანძრების განზრახ გაჩენისთვის საფრანგეთში სულ 162 პირი დააკავეს. საფრანგეთის პრემიერ-მინისტრის, სებასტიან ლეკორნუს თქმით, ხანძრები, რომლებიც ახლა ქვეყნის რამდენიმე ნაწილში მძვინვარებს, მოქალაქეების დაუდევრობის ბრალია. ლეკორნუმ ხანძრების გაჩენის მიზეზებად ანთებული სიგარეტის ნამწვი, ბარბექიუ და უსაფრთხოების ზომების გარეშე შესრულებული სამუშაოები დაასახელა. მისივე თქმით, ხანძრის განძრახ გაჩენა 15 წლით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ცნობისთვის, უკვე რამდენიმე კვირაა, რაც საფრანგეთსა და ესპანეთში ფართომასშტაბიან ხანძრებს ებრძვიან. ბოლო ცნობებით, ორივე ქვეყანაში ევაკუირებულ მოქალაქეთა რაოდენობამ 360 000-ს გადააჭარბა. განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობაა საფრანგეთის ქალაქ ბორდოსა და ესპანეთის დედაქალაქ მადრიდის შემოგარენში.











