1785180731
სომხეთის მთავრობა: შედგა პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის სატელეფონო საუბარი რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმირ პუტინთან
შედგა პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის სატელეფონო საუბარი რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმირ პუტინთან. ინფორმაციას ამის შესახებ სომხეთის მთავრობა ავრცელებს.
„თანამოსაუბრეებმა აზრები გაცვალეს სომხეთ-რუსეთის ურთიერთობების დღის წესრიგზე, კერძოდ, ორმხრივ ეკონომიკურ ურთიერთობებში წარმოშობილ პრობლემებზე.
პრემიერ-მინისტრმა ფაშინიანმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ რუსეთის ბაზარზე სომხური წარმოშობის საქონლის ექსპორტის შეზღუდვა ეწინააღმდეგება სომხეთ-რუსეთის სახელშეკრულებო-სამართლებრივ ჩარჩოსა და ევრაზიული ეკონომიკური კავშირის რეგულაციებს და ითხოვა ზომების მიღება ამ პრობლემების მოგვარების მიმართულებით.
რაც შეეხება სომხეთის ევროკავშირში გაწევრიანების საკითხზე რეფერენდუმის ჩატარებას, რაზეც საუბარია ევრაზიული ეკონომიკური კავშირის ოთხი წევრი ქვეყნის ლიდერების მიერ მიმდინარე წლის 29 მაისს მიღებულ ერთობლივ განცხადებაში, პრემიერ-მინისტრმა ფაშინიანმა აღნიშნა, რომ რეფერენდუმის ჩატარება პრაქტიკულად შესაძლებელია მხოლოდ მას შემდეგ, რაც სომხეთი ევროკავშირს ოფიციალურ განაცხადს წარუდგენს გაწევრიანებაზე და ეს თემა საგნობრივი გახდება.
ამავდროულად, პრემიერ-მინისტრმა ფაშინიანმა ხაზი გაუსვა სომხეთის რესპუბლიკის მთავრობის მზადყოფნას, აღნიშნული საკითხები ღია, პარტნიორული და მეგობრული დიალოგის გზით გადაჭრას“, - ნათქვამია სომხეთის მთავრობის განცხადებაში.











