სლოვაკეთი და უნგრეთი მილსადენ „დრუჟბასთან“ დაკავშირებით საგამოძიებო კომისიას შექმნიან

ვიქტორ ორბანი რობერტ ფიცო

უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა პარასკევს სატელეფონო საუბარი გამართა სლოვაკ კოლეგასთან, რობერტ ფიცოსთან და გამოაცხადა, რომ ორი ქვეყანა შექმნის საგამოძიებო კომისიას მილსადენ „დრუჟბას“ მდგომარეობის შესასწავლად. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული მედია ავრცელებს.

უნგრეთის პრემიერმა განაცხადა, რომ ვოლოდიმირ ზელენსკი და მისი გუნდი ამტკიცებენ, თითქოს ნავთობსადენის მუშაობის აღდგენა ტექნიკური დაბრკოლებების გამო შეუძლებელია, ეს კი საფრთხეს უქმნის როგორც უნგრეთის, ასევე სლოვაკეთის ენერგოუსაფრთხოებას.

„რამდენადაც სლოვაკეთისა და უნგრეთისთვისაა ცნობილი, ეს სიმართლეს არ შეესაბამება. ტექნიკური დაბრკოლებები არ არსებობს და მილსადენი მხოლოდ პოლიტიკური მოსაზრებების გამო ჩაკეტეს. ამიტომ, რობერტ ფიცოსთან შევთანხმდი, რომ შევქმნით ერთობლივ საგამოძიებო კომისიას. ამ კომისიის ამოცანა იქნება ადგილზე ჩასვლა და საკუთარი თვალით დარწმუნება იმაში, თუ რა ხდება სინამდვილეში“, - განაცხადა ვიქტორ ორბანმა.

მან მოუწოდა ვოლოდიმირ ზელენსკის, დაუშვას ეს საგამოძიებო კომისია უკრაინის ტერიტორიაზე და უზრუნველყოს მისი მუშაობისთვის საჭირო პირობები.