სკოტ ბესენტი: გრძელვადიანი უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად და ირანის ბირთვული საფრთხის აღმოსაფხვრელად მცირე „ეკონომიკური ტკივილი“ ღირდა

სკოტ ბესენტი

გრძელვადიანი უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად და ირანის ბირთვული საფრთხის აღმოსაფხვრელად მცირე „ეკონომიკური ტკივილი“ ღირდა, – ამის შესახებ აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, სკოტ ბესენტმა „ბიბისისთან“ ინტერვიუში განაცხადა.

ბესენტის თქმით, ირანს ბირთვული იარაღის გამოყენების შესაძლებლობა თუ ექნებოდა, მაგალითად, ლონდონის წინააღმდეგ, მსოფლიო ეკონომიკური ზარალი გაცილებით დიდი იქნებოდა, ვიდრე მიმდინარე ეკონომიკური სირთულეები. ამიტომ, მისი შეფასებით, მოკლევადიანი ეკონომიკური დანაკარგები ნაკლებად მნიშვნელოვანია გრძელვადიან უსაფრთხოებასთან შედარებით.

„მაინტერესებს, რა დარტყმას მიაყენებს გლობალურ მშპ-ს, თუ ბირთვული იარაღი ლონდონს მოხვდება. მე ვამბობ, რომ ნაკლებად მაშფოთებს მოკლევადიანი პროგნოზები გრძელვადიან უსაფრთხოებასთან შედარებით“, – განაცხადა ბესენტმა.

ბესენტის განმარტებით, აშშ-ისა და ისრაელის სამხედრო მოქმედებებმა ირანის ბირთვული პროგრამისგან მომდინარე გრძელვადიანი საფრთხე შეამცირა.

აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ასევე აღნიშნა, რომ ირანს აქვს საშუალო და შორ მანძილზე მოქმედი ბალისტიკური რაკეტები.

„ახლა ჩვენ დანამდვილებით ვიცით, რომ ირანელებმა დიეგო გარსიას ესროლეს, მათ აქვთ საშუალო რადიუსის კონტინენტთაშორისი ბალისტიკური რაკეტები, რომლებსაც შეუძლიათ ლონდონამდე მიღწევა და ჩვენ ვიცით, რომ მათ ბირთვული პროგრამა სურთ“, – განაცხადა ბესენტმა.