გოგა მანია გულის შეტევით კლინიკაში გადაიყვანეს
1746527635
თანამედროვე სამყაროში მეხის ჩამოვარდნა კვლავაც ერთ-ერთი ყველაზე გამანადგურებელი და არაპროგნოზირებადი მოვლენაა. შენობების დასაცავად ტრადიციული მეხამრიდები გამოიყენება, თუმცა მათი დაყენება ყველგან ვერ ხერხდება.
იაპონური კომპანია NTT ამტკიცებს, რომ მეხის სამართავად ახალი მეთოდი შექმნა. ესაა პირველი დრონი, რომელსაც მეხის "გამოძახება" და მოგერიება შეუძლია. ელვას დრონი მიზანმიმართულად იწვევს, რომ მიმართულება შეუცვალოს და იგი სხვა ადგილას არ ჩამოვარდეს.
NTT იმედოვნებს, რომ გალიით აღჭურვილი დრონები სამომავლოდ ქალაქებისა და მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურის დაცვაში დაგვეხმარება.
როგორ მუშაობს დრონი
ელვის გამოსაწვევად დრონი ელექტრული ველის ცვალებადობას იყენებს. იგი საავდრო ღრუბელს უახლოვდება, ელვას განზრახ იზიდავს და აისხლეტს. შედეგად მეხი ძირს აღარ ეცემა და უსაფრთხოდ განიდევნება. თავად დრონი ერთგვარ გალიაშია მოთავსებული, რომელიც დაზიანებისგან მაშინაც კი იცავს, თუ მეხი პირდაპირ დაეცემა.
ინოვაციაზე მომუშავე მეცნიერებმა ექსპერიმენტი ჰამადაში, იაპონიის ერთ-ერთ ქალაქში, ჩაატარეს. ცდის ფარგლებში დრონი 900 მეტრ სიმაღლეზე უნდა ასულიყო და საავდრო ღრუბელთან მისულიყო. გუნდმა ელექტრული ველის მონიტორინგით შეაფასა, როდის მოახლოვდებოდა ღრუბელი. ეს მომენტი 2024 წლის 13 დეკემბერს დადგა. მეცნიერებმა გალიით დაცული დრონი აუშვეს.
დრონი გამტარი სადენით იყო აღჭურვილი, რომელიც მიწაზე არსებულ ელექტრულ ამომრთველს უკავშირდებოდა. შენიშნეს, რომ კაბელში დიდძალი ელექტრული დენი გადიოდა — სადენსა და მიწას შორის ელექტრული ძაბვა 2 ათას ვოლტს აღწევდა. ამან დრონის მიმართულებით მეხის ჩამოვარდნა გამოიწვია. ამ დროს მოწყობილობის გალია მხოლოდ მცირედით დადნა, თავად დრონი კი არ დაზიანებულა და უპრობლემოდ განაგრძო მუშაობა.
გალიის დიზაინი საშუალებას იძლევა, იგი კომერციულად ხელმისაწვდომ დრონებზე დამონტაჟდეს. იგი ელექტროგამტარი მეტალისგანაა დამზადებული და ფარის ფუნქციას ასრულებს. როცა ფარს მეხი ეცემა, იგი ელექტრობას დრონიდან აისხლეტს. გარდა ამისა, გალია მეხს რადიალურად ანაწილებს. ეს ნაკადისგან წარმოქმნილ ძლიერ მაგნიტურ ველებს ანეიტრალებს, შედეგად კი ელექტრომაგნიტური დაბრკოლება მინიმუმამდე დაიყვანება.
გუნდმა ხელოვნური მეხის გამოყენებით დრონის გამძლეობა შეაფასა. დადგინდა, რომ მოწყობილობა 150 კილოამპერს უძლებს — იმაზე ხუთჯერ დიდ ძალას, ვიდრე ბუნებრივი მეხის ჩამოვარდნისას წარმოიქმნება.
ტესტირების შედეგები დამაიმედებელია. ინოვაცია ერთგვარი წინ გადადგმული ნაბიჯია, რათა სამომავლოდ მეხისაგან დაცვის უკეთესი საშუალებები გახდეს ხელმისაწვდომი.
NTT-ს სამომავლოდ გეგმავს იკვლიოს, თუ როგორ შეიძლება მეხის პროგნოზი და, ზოგადად, როგორ მუშაობს ეს ფენომენი. სურთ ისიც, რომ არამხოლოდ ელვა გამოიწვიონ, არამედ შეაგროვონ კიდეც მის მიერ წარმოქმნილი ენერგია.