1750332867
შექმნეს იმპლანტანტი, რომელიც ძვალს ნამდვილი კბილივით ერწყმის

მსოფლიოში კბილის იმპლანტანტები უამრავ ადამიანს აქვს. ისინი ბუნებრივს ხანგრძლივად ანაცვლებს და საკმაოდ რეალურადაც გამოიყურება. მიუხედავად ამისა, უცნაური გრძნობაა, პირის ღრუში კბილის მსგავსი უცხო სხეული გქონდეს, რომელსაც საკუთარ ორგანულ ნაწილად ვერ აღიქვამ.
ტაფტსის უნივერსიტეტის სამედიცინო სკოლის მკვლევრებმა იმპლანტანტის შესაძლო ალტერნატივას მიაგნეს. პირში ის უფრო ბუნებრივად იგრძნობა და ნამდვილი კბილივით ფუნქციონირებს.
ტრადიციული იმპლანტანტის დაყენება საკმაოდ უსიამოვნო პროცედურაა. ამ დროს ტიტანისგან დამზადებულ საყრდენს პირდაპირ ყბის ძვალზე ამაგრებენ, შემდეგ კი კერამიკულ გვირგვინს ადებენ. ამ დროს ხშირად ნერვები ზიანდება. გარდა ამისა, იმპლანტანტი ორგანიზმს ბუნებრივად ვერ უკავშირდება, ამიტომ საკვების ან სასმლის მიღებისას ტვინს სენსორული ინფორმაცია არ მიეწოდება.
"ბუნებრივი კბილები ყბის ძვალთან რბილი ქსოვილის მეშვეობით ერთიანდება. ის მდიდარია ნერვებით, რომლებიც საშუალებას გვაძლევს, ღეჭვისას ძალა სწორად განვსაზღვროთ და ტექსტურა შევიგრძნოთ. იმპლანტანტების შემთხვევაში მსგავსი რამ შეუძლებელია", — აცხადებს ჯეიკ ჩენი, ტაფტსის უნივერსიტეტის პაროდონტოლოგიის პროფესორი და პირის ღრუს ბიოლოგიის დეპარტამენტის დირექტორი.
ჩენმა და მისმა კოლეგებმა ამ პრობლემის გადაჭრის პოტენციური გზა მონახეს. მათ იმპლანტანტი ბიოდეგრადირებადი საფარით შექმნეს, რომელიც შეხორცების პროცესში თანდათან იშლება, შედეგად კი ღეროვან უჯრედებსა და ცილოვან კომპონენტებს გამოყოფს. ისინი ახალი ნერვული ქსოვილის ზრდას უწყობს ხელს და იმპლანტანტს სხეულის სენსორულ სისტემასთან აკავშირებს.
იმისთვის, რომ იმპლანტანტი ბუდეში მჭიდროდ მოთავსდეს, საფარი მეხსიერების ქაფის მსგავს მიკრონაწილაკებსაც შეიცავს. ისინი საშუალებას იძლევა, რომ იმპლანტანტი თავიდან კბილზე პატარა იყოს და შემდეგ ნელ-ნელა გაფართოვდეს, რათა ბუდე სრულად შეავსოს. ამის შედეგად პროცედურა არა დაზიანებას, არამედ მიმდებარე ნერვული დაბოლოებების შენარჩუნებას უწყობს ხელს.
„ეს ახალი იმპლანტანტი და მინიმალურად ინვაზიური ტექნიკა ნერვებთან კავშირს აღადგენს. ამის შემდეგ ინოვაციას შეუძლია, ტვინს ისე "ესაუბროს", როგორც ნამდვილ კბილს", — ამბობს ჩენი — "ეს გარღვევა შეიძლება სხვა ტიპის ძვლოვან იმპლანტანტებზეც გავრცელდეს, მაგალითად ბარძაყის სახსრების ან ძვლის მოტეხილობების სამკურნალო იმპლანტანტებზე".
ჩენმა და მისმა გუნდმა ეს გამოგონება ვირთხებზე გამოცადა. 6 კვირის შემდეგ ოპერაციის შემდგომი ანთება, იმუნური უკუგდება ან იმპლანტანტის მოძრაობა არ შეინიშნებოდა.
„სურათებზე იმპლანტანტსა და ძვალს შორის მკაფიო სივრცე გამოჩნდა, რაც ნიშნავს, რომ ძვლის ნაცვლად იგი რბილი ქსოვილით შეერთდა", - განმარტავს მეცნიერი.
მიუხედავად იმედის მომცემი შედეგებისა, ამ ეტაპზე დამატებითი კვლევებია საჭირო. უნდა გაირკვეს, რამდენად უსაფრთხო იქნება იმპლანტანტის ადამიანებზე გამოყენება. ამჟამად გუნდი ცდილობს დაადასტუროს, ნამდვილად გადასცემს თუ არა ახალი ნერვები სენსორულ ინფორმაციას. ამისთვის მათ ვირთხების ტვინის აქტივობა უნდა შეისწავლონ.