თაღლითობის ბრალდებით, ახალგაზრდა ქალი დააკავეს - „დაზარალებულია 161 მოქალაქე, ზარალის ღირებულება 11 მილიონ ლარს აღწევს“

დაკავებულია თაღლითობაში ბრალდებული

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად თაღლითობის ბრალდებით, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, 1994 წელს დაბადებული ა.ც. დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს.

უწყების ცნობით, დანაშაული 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული ა.ც., 1986 წელს დაბადებულ მსჯავრდებულ დ.ც.-სთან ერთად, 2020-2024 წლებში, როგორც სამშენებლო კომპანია „სექტორი 7“-ის ხელმძღვანელები, მოქალაქეებთან აფორმებდნენ ხელშეკრულებებს და მშენებარე საცხოვრებელ კორპუსში ყიდდნენ ფართებს. აღებული თანხის მიუხედავად, მათ არ უზრუნველყვეს კორპუსის მშენებლობის დასრულება და ფართების საკუთრებაში გადაცემა.

აღნიშნულიდან გამომდინარე დაზარალებულია ჯამში 161 მოქალაქე, ზარალის ღირებულება კი 11 მილიონ ლარს აღწევს.

სამართალდამცველებმა ა.ც. ბრალდებულის სახით დააკავეს, ხოლო ორგანიზებული ჯგუფის წევრს, დ.ც.-ს, რომელიც უკვე სასჯელს იხდის დამატებითი ბრალი წარედგინება.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით მიმდინარეობს“,- ვკითხულობთ შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.