შეიარაღებულმა პირმა წვეულებაზე 11 ადამიანი მოკლა, დაშავებულია სამი პირი - ტრაგედია სამხრეთ აფრიკაში

სამხ აფრიკა

სამხრეთ აფრიკაში შეიარაღებულმა პირმა  წვეულებაზე, სულ მცირე, 11 ადამიანი მოკლა, დაშავებულია სამი პირი. ინფორმაციას ამის შესახებ „როიტერი“ ავრცელებს.

მედიის ცნობით, შემთხვევა სამხრეთ აფრიკის ქალაქ დურბანში მოხდა.

„ათი მსხვერპლი, მათ შორის ქალი, ადგილზე გარდაიცვალა. ოთხი დაშავებული საავადმყოფოში გადაიყვანეს. მათგან ერთ-ერთი ცეცხლსასროლი იარაღიდან მიყენებული ჭრილობების შედეგად გარდაიცვალა“, – განაცხადა პოლიციამ.

წვეულებაზე მომხდარი მკვლელობების მოტივი ამ ეტაპისთვის უცნობია. პოლიციის ინფორმაციით, მსხვერპლთა ნაწილის ვინაობა ცნობილია, თუმცა დეტალები არ საჯაროვდება.

როგორც „როიტერი“ წერს, სამხრეთ აფრიკაში ყოველდღიურად დაახლოებით 60 მკვლელობა ხდება, რის გამოც ქვეყანას მკვლელობების მხრივ ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებელი აქვს.