1761143605
შეერთებულმა შტატებმა „ლუკოილს“ და „როსნეფტს სანქციები დაუწესა

აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტმა რუსეთის ორ უმსხვილეს ნავთობკომპანიას, „როსნეფტსა“ და „ლუკოილს“ სანქციები დაუწესა.
როგორც აშშ-ის ხაზინის უცხოური აქტივების კონტროლის ოფისის განცხადებაშია აღნიშნული, ახალი სანქციები მიზნად ისახავს რუსეთის ენერგეტიკულ სექტორზე ზეწოლის გაზრდას და კრემლის შესაძლებლობების შეზღუდვას, რომ ომის გასაგრძელებლად შემოსავალი მიიღოს.
„შეერთებული შტატები განაგრძობს ომის მშვიდობიანი გზით მოგვარების მხარდაჭერას და მუდმივი მშვიდობა მთლიანად დამოკიდებულია რუსეთის მზადყოფნაზე, აწარმოოს კეთილი ნების მოლაპარაკებები. ხაზინა განაგრძობს თავისი უფლებამოსილებების გამოყენებას სამშვიდობო პროცესის მხარდასაჭერად“, – ნათქვამია განცხადებაში.
ამასთან, როგორც სახაზინო დეპარტამენტის მდივანმა, სკოტ ბესენტმა აღნიშნა, დროა, შეჩერდეს მკვლელობა და დაიდოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება.
„პუტინის მიერ ამ უაზრო ომის დასრულებაზე უარის თქმის გამო, ხაზინა სანქციებს უწესებს რუსეთის ორ უმსხვილეს ნავთობკომპანიას, რომლებიც კრემლის სამხედრო მანქანას აფინანსებენ, ხაზინა მზად არის, დამატებითი ზომები მიიღოს, თუ ეს საჭირო იქნება პრეზიდენტ ტრამპის მცდელობის მხარდასაჭერად კიდევ ერთი ომის დასრულებასთან დაკავშირებით. ჩვენ მოვუწოდებთ ჩვენს მოკავშირეებს, შემოგვიერთდნენ და დაიცვან ეს სანქციები“, – აღნიშნა ბესენტმა.