1773348202
სენატორი კრის მერფი: ირანი კვლავ ინარჩუნებს ჩვენს მოკავშირეებზე დარტყმის შესაძლებლობას, ბირთვული პროგრამა კვლავ არსებობს - ეს არის სრული კატასტროფა
„დემოკრატმა“ სენატორმა, კრის მერფიმ ირანში მიმდინარე კონფლიქტს უწოდა „ყველაზე არაკომპეტენტური და არათანმიმდევრული ომი, რომელიც ამერიკას ბოლო საუკუნის განმავლობაში უწარმოებია“. ინფორმაციას ამის შესახებ CNN-ი ავრცელებს.
„ეს არის ყველაზე არაკომპეტენტური და არათანმიმდევრული ომი, რომელიც ამერიკას ბოლო 100 წლის განმავლობაში უწარმოებია, და ეს ბევრ რამეს ამბობს. ამ ადმინისტრაციას წარმოდგენა არ აქვს, რას აკეთებს. არ არსებობს ომის არანაირი სიცოცხლისუნარიანი გეგმა. ისინი ყოველდღიურად ცვლიან თავიანთ მიზნებსა და ამოცანებს. დიდ თანაგრძნობას ვუცხადებ ჩვენს ჯარისკაცებსა და სამხედრო ლიდერებს“, - აღნიშნა სენატორმა.
მერფი ამტკიცებს, რომ ომი „საშინლად“ მიმდინარეობს და ეს ამერიკელებს ჯიბეებზე და, შესაძლოა, მათ უსაფრთხოებაზეც დაარტყამს.
„ფასები იზრდება, [ჰორმუზის] სრუტე ჩაკეტილია. ირანი კვლავ ინარჩუნებს ჩვენს რეგიონულ მოკავშირეებზე დარტყმის შესაძლებლობას... ბირთვული პროგრამა კვლავ არსებობს. ეს არის სრული კატასტროფა და ეს ერთი ადამიანის, დონალდ ტრამპის ბრალია, რომელიც ყოველდღიურად იცვლის აზრს იმის შესახებ, თუ რას უნდა ემსახურებოდეს ეს ომი“, - დასძინა მან.











