1791733249
სატელეფონო საუბარი მქონდა ვოლოდიმირ ზელენსკისთან, ომი ახალ, უფრო ბნელ ფაზაში შევიდა, რუსეთი დროს აჭიანურებს და სამოქალაქო მოსახლეობას ფრონტის ხაზიდან შორს ურტყამს - ურსულა ფონ დერ ლაიენი
ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან სატელეფონო საუბარი გამართა. ამის შესახებ ფონ დერ ლაიენი სოციალურ ქსელში წერს.
ევროკომისიის პრეზიდენტის თქმით, ის სრულად უჭერს მხარს ზელენსკის მოწოდებას ცეცხლის შეწყვეტის შესახებ, რაც, მისივე განმარტებით, მსოფლიო სასურსათო მარაგებს, უკრაინისა და რუსეთის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურას დაიცავდა.
„ომი ახალ, კიდევ უფრო ბნელ ფაზაში შევიდა. რუსეთი ბრძოლის ველზე დროს აჭიანურებს და სამოქალაქო მოსახლეობას ფრონტის ხაზიდან შორს ურტყამს. მე უკრაინელი ხალხისადმი ჩვენი სოლიდარობა გამოვხატე, ასევე სრული მხარდაჭერა პრეზიდენტ ზელენსკის მიმართ, რომელიც საკუთარი ხალხის თავისუფლებისთვის ბრძოლას ხელმძღვანელობს“, – აღნიშნა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.
მისი თქმით, ევროპული საბჭოს სხდომაზე ყურადღების ცენტრში უკრაინა იქნება.
„განვიხილავთ მის ფინანსურ საჭიროებებს მომავალი წლისთვის და ახალი საერთაშორისო მხარდაჭერის მობილიზების გზებს“, – წერს ევროკომისიის პრეზიდენტი.
მისივე თქმით, იგეგმება მოლაპარაკებების კიდევ ორი კლასტერის გახსნა.












