„საშინელებაა ის, რასაც ისრაელში ბენიამინ ნეთანიაჰუს უკეთებენ“ - ტრამპი

დონალდ ტრამპი

დონალდ ტრამპმა ისრაელის პროკურორები პრემიერ-მინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს წინააღმდეგ წაყენებული ბრალდებების გამო გააკრიტიკა.

შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ისრაელის პრემიერ მინისტრი ომის გმირად მოიხსენია და აღნიშნა, რომ მის წინააღმდეგ კორუფციის ბრალდებით მიმდინარე სასამართლო პროცესი „ჰამასთან“ და ირანთან მოლაპარაკების წარმოებას უშლის ხელს.

„საშინელებაა ის, რასაც ისრაელში ბენიამინ ნეთანიაჰუს უკეთებენ. ის ომის გმირია და პრემიერ-მინისტრი, რომელმაც შესანიშნავად იმუშავა შეერთებულ შტატებთან ერთად ირანში საშიში ბირთვული საფრთხის აღმოსაფხვრელად. ამასთან ერთად, ის ამჟამად „ჰამასთან“ შეთანხმებაზე მუშაობს, რომელიც მძევლების გათავისუფლებასაც მოიცავს. როგორ შეიძლება, ისრაელის პრემიერ-მინისტრი იძულებული იყოს მთელი დღე სასამართლო დარბაზში იჯდეს? ეს პოლიტიკური ნადირობაა, ძალიან ჰგავს იმ ალქაჯებზე ნადირობას, რაც მე თავად გამოვიარე.

ეს „სამართლიანობის“ აბსურდი ხელს შეუშლის როგორც ირანთან, ასევე „ჰამასთან“ მოლაპარაკებებს. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ეს სიგიჟეა - რასაც ეს ულმობელი პროკურორები ნეთანიაჰუს უკეთებენ. ამერიკის შეერთებული შტატები ყოველ წელს მილიარდობით დოლარს ხარჯავს ისრაელის დაცვასა და მხარდაჭერაზე - გაცილებით მეტს, ვიდრე რომელიმე სხვა ქვეყანაში. ჩვენ ამას არ მოვითმენთ. ჩვენ ახლახან დიდი გამარჯვება მოვიპოვეთ პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს ხელმძღვანელობით და ახლა ეს ყველაფერი ამ გამარჯვებას ჩრდილს აყენებს. გაუშვით ბიბი, მას დიდი საქმე აქვს გასაკეთებელი!“, - დაწერა ტრამპმა თავის სოციალურ ქსელში Truth Social.