„სასამართლო საქმეებში ჩარევა არღვევს დიპლომატიურ ნორმებს“ - ბელგიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ქვეყანაში აშშ-ის ელჩი დაიბარა

ბილ უაითი

ბელგიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაქსიმ პრევომ ქვეყანაში აშშ-ის ელჩი, ბილ უაითი დაიბარა. მიზეზი ელჩის ის განცხადებებია, რომლებშიც მან ბელგია ანტისემიტიზმში დაადანაშაულა და ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრი მკაცრად გააკრიტიკა. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა POLITICO ავრცელებს.

„ნებისმიერი მინიშნება იმაზე, თითქოს ბელგია ანტისემიტურია, არის მცდარი, შეურაცხმყოფელი და მიუღებელი. ბელგია უმკაცრესად გმობს ანტისემიტიზმს“, - დაწერა პრევომ სოციალურ ქსელ X-ზე გამოქვეყნებულ პოსტში, სადაც მან უაითის განცხადებას „მიუღებელი“ უწოდა.

„ბელგიელი მინისტრის წინააღმდეგ მიმართული პერსონალური თავდასხმები და სასამართლო საქმეებში ჩარევა არღვევს დიპლომატიურ საბაზისო ნორმებს... ელჩი დაუყოვნებლივ იყო დაბარებული შეხვედრაზე ამ სამშაბათს“, - განაცხადა მინისტრმა.

ორშაბათს უაითმა გააკრიტიკა ბელგიის მიდგომა ანტვერპენის საქმისადმი, სადაც სამი მოჰელი - ებრაელი მამაკაცი, რომელიც წინადაცვეთის რიტუალს ასრულებს - სასამართლო გამოძიების ქვეშ მოექცა. მათ ბრალად ედებათ პროცედურების ჩატარება ექიმის დასწრების გარეშე. გარდა ამისა, როგორც ჩანს, ელჩმა ზეწოლა მოახდინა ჯანდაცვის მინისტრზე, ფრანკ ვანდენბრუკეზე, რათა ეს უკანასკნელი საქმეში ჩარეულიყო.

„ბელგიას: კონკრეტულად თქვენ, დაუყოვნებლივ უნდა შეწყვიტოთ ანტვერპენში 3 ებრაელი რელიგიური მოღვაწის (მოჰელის) წინააღმდეგ მიმდინარე აბსურდული და ანტისემიტური „დევნა“!“ - დაწერა უაითმა სოციალურ ქსელში.