სამხრეთ კორეის ყოფილი პრეზიდენტი იუნ სოკ იოლი სასამართლომ 2022 წელს საარჩევნო კამპანიისას კანონის დარღვევაში დამნაშავედ ცნო

იუნ სოკ იოლი

სამხრეთ კორეის სასამართლომ ყოფილ პრეზიდენტს, იუნ სოკ იოლის 18-თვიანი პატიმრობა მიუსაჯა. სასამართლომ იგი 2022 წლის საპრეზიდენტო არჩევნების კამპანიისას საარჩევნო კანონის დარღვევაში ცნო დამნაშავედ. ამის შესახებ ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს.

სააგენტოს ცნობით, იუნ სოკ იოლის სასჯელის აღსრულება სამი წლით გადაუვადდება.

სეულის ცენტრალურმა რაიონულმა სასამართლომ დაადგინა, რომ იუნ სოკ იოლიმ 2022 წლის საპრეზიდენტო კამპანიის დროს ცრუ განცხადებები გააკეთა, როდესაც უარყო, რომ ერთ-ერთ ყოფილ მაღალჩინოსანს ადვოკატი გააცნო, ასევე როდესაც განაცხადა, რომ მას და მის მეუღლეს, ყოფილ პირველ ლედის, კიმ კონ ჰის შამანი ჯონ სონგ ბე არ შეხვედრიათ. ორივე ეს კავშირი საარჩევნო კამპანიის პერიოდში საზოგადოების ყურადღების ცენტრში მოექცა.

ყოფილი პრეზიდენტი დანაშაულს უარყოფს და განაჩენის გასაჩივრებას გეგმავს. ამასთან, იმ შემთხვევაში, თუ განაჩენი სააპელაციო ინსტანციებშიც ძალაში დარჩება, ექსპრეზიდენტის პარტიას, „სახალხო ძალას“ მოუწევს, დააბრუნოს 2022 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვების შემდეგ ეროვნული საარჩევნო კომისიისგან მიღებული 39.7 მილიარდი ვონი (27.1 მილიონი დოლარი), რომელიც საარჩევნო ხარჯების ანაზღაურების სახით გადაეცა.

სამხრეთ კორეის საარჩევნო კანონმდებლობის მიხედვით, პოლიტიკური პარტიები სახელმწიფოსგან საარჩევნო კამპანიის ხარჯების ანაზღაურებას იღებენ, თუ მათი საპრეზიდენტო კანდიდატი არჩევნებში გაიმარჯვებს ან ხმების, სულ მცირე, 15%-ს მოიპოვებს. მოგვიანებით კანდიდატის მიმართ ძალაში თუ შევა ისეთი განაჩენი, რომელიც, საარჩევნო კანონმდებლობის მიხედვით, მის არჩევას ბათილად აქცევს, მაგალითად, პატიმრობა ან, სულ მცირე, მილიონი ვონის ოდენობის ჯარიმა, პარტია ვალდებულია, სახელმწიფოს მიერ ანაზღაურებული საარჩევნო ხარჯები დააბრუნოს.

ცნობისთვის, იუნ სოკ იოლის წინააღმდეგ სხვა სისხლის სამართლის საქმეებიც მიმდინარეობს, მათ შორის არის ამბოხების საქმე, რომელიც 2024 წლის დეკემბერში მის მიერ საომარი მდგომარეობის გამოცხადებას უკავშირდება. აღნიშნულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლომ მას თებერვალში სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა.