1790263680
საფრანგეთი NATO-ს გაერთიანებულ სარდლობას უკრაინის ომის დასრულებამდე არ დატოვებს, თუმცა, ჩემი სურვილი, ქვეყანამ ალიანსის სარდლობა დატოვოს, კვლავ ძალაში რჩება - მარინ ლე პენი
საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნების კანდიდატი მარინ ლე პენი აცხადებს, რომ საფრანგეთის NATO-ს გაერთიანებულ სარდლობიდან გამოყვანის გეგმა კვლავ ძალაშია, თუმცა ამ ნაბიჯს უკრაინაში რუსეთის ომის დასრულებამდე არ გადადგამს. ამის შესახებ ლე პენმა „პოლიტიკოსთან“ ინტერვიუში განაცხადა.
მისი თქმით, ომის მიმდინარეობის პირობებში მსგავსი გადაწყვეტილების მიღებისთვის შესაფერისი დრო არ არის.
„ვიდრე ევროპის კართან ომი მიმდინარეობს, ამის გაკეთების დრო არ არის, თუმცა, რა თქმა უნდა, ჩემი სურვილი, ეს ნაბიჯი გადავდგა, კვლავ ძალაში რჩება“, – განაცხადა ლე პენმა.
ლე პენმა ასევე აღნიშნა, რომ საფრანგეთი რუსეთთან, როგორც ბირთვულ სახელმწიფოსთან, ომში არ უნდა ჩაერთოს. ამასთან, ლე პენმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში უკრაინისთვის ფინანსური დახმარების შეწყვეტას გეგმავს.
„ჩვენ შეგვიძლია, მოვამზადოთ მათი ჯარისკაცები და სამხედრო ხელმძღვანელობა და მივაწოდოთ სამხედრო დახმარება. თუმცა უკრაინისთვის ფინანსური დახმარების მიწოდებას ვეღარ გავაგრძელებთ და ამის გამო ვწუხვართ“, – განაცხადა ლე პენმა.
ამავდროულად ლე პენმა არ უარყო ე.წ. „მსურველთა კოალიციის“ იდეა, რომელსაც საფრანგეთი და დიდი ბრიტანეთი ხელმძღვანელობენ და რომელიც ომის დასრულების შემდეგ უკრაინაში სამხედრო წარმომადგენლობის განთავსების შესაძლებლობას განიხილავს.
„პოტენციური სამშვიდობო ძალა, რომელიც რეალურად საკმაოდ ჰგავს გაერო-ს სამშვიდობო ძალებს, ჩემთვის სრულიად შესაძლებლად გამოიყურება. თუ „მსურველთა კოალიცია“ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მოლაპარაკებების ერთ-ერთი პირობა იქნება, მაშინ, რა თქმა უნდა, მხარს დავუჭერ ამ წინადადების წინ წაწევას“, – განაცხადა ლე პენმა.











