სად და რა ვითარებაში მოკლეს აიათოლა ხამენეი - ადგილობრივი მედია მასთან ერთად გარდაცვლილი ოჯახის სხვა წევრებზეც წერს

აიათოლა ალი ხამენეი

ირანის უზენაესი ლიდერი ალი ხამენეი ​28 თებერვლის დილას, აშშ-სა და ისრაელის მიერ მიტანილი დარტყმების შედეგად თავის რეზიდენციაში დაიღუპა, - იტყობინება ირანული სააგენტო Fars, რომელსაც ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსი მართავს. 

სააგენტოს ცნობით, დარტყმის შედეგად დაიღუპნენ ალი ხამენეის ქალიშვილი, სიძე, შვილიშვილი და ერთ-ერთი რძალი.

მათი ინფორმაციით, მკვლელობის მომენტში ხამენეი საკუთარ ოფისში სამსახურებრივ მოვალეობებს ასრულებდა.

სააგენტოს ცნობით, მედიაში არაერთხელ გავრცელებულა განცხადებები, თითქოს ხამენეი უსაფრთხოების მიზნით საიდუმლო და მკაცრად დაცულ ადგილას იმალებოდა. „მისი სამუშაო ადგილზე მკვლელობამ კიდევ ერთხელ უარყო ეს ბრალდებები და აჩვენა მტრის მიერ წარმოებული ფსიქოლოგიური ომი, ასევე აჩვენა, რომ ის ყოველთვის ხალხთან ერთად და თავის პოსტზე იმყოფებოდა,“ - ნათქვამია განცხადებაში.

ალი ხამენეის რეზიდენცია თეირანში განადგურებულია აშშ-სა და ისრაელის დარტყმების შედეგად, რაც გამოქვეყნებული სატელიტური სურათებიდან ჩანს.

როგორც სააგენტო IRNA იტყობინება, უზენაესი ლიდერის დაღუპვის შემდეგ ირანს დროებით უხელმძღვანელებენ პრეზიდენტი, სასამართლო ხელისუფლების ხელმძღვანელი და კონსტიტუციის მცველთა საბჭოს ერთი წევრი.

მანამდე, ალი ხამენეის სიკვდილის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა.

ირანში 40-დღიანი გლოვა გამოცხადდა.

გარდაცვალების დადასტურებიდან მალევე, „ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა“ გამოაქვეყნა განცხადება, რომელშიც აშშ-ის სამხედრო ბაზებსა და ისრაელს თავდასხმით დაემუქრა.