რუსული მედია: სერგეი ლავროვმა უკრაინის საკითხზე სატელეფონო საუბარი გამართა თურქეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელთან, ჰაკან ფიდანთან

სერგეი ლავროვი

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა უკრაინის საკითხზე სატელეფონო საუბარი გამართა თურქეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელთან, ჰაკან ფიდანთან. ამის შესახებ რუსეთის სახელმწიფო სააგენტო „იტარ-ტასს“ თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში საკუთარმა წყაროებმა აცნობეს.

„სატელეფონო საუბარი შედგა დღეს, 7 აგვისტოს. განიხილებოდა რუსეთის და უკრაინის მოლაპარაკებებზე არსებული სიტუაცია“, – განუცხადა რუსულ სააგენტოს წყარომ.

ცნობისთვის, 2022 წლის შემდეგ პირველად რუსეთის და უკრაინის მოლაპარაკებები თურქეთში 2025 წლის მაისში გაიმართა. შეხვედრები გაგრძელდა 2 ივნისს, სადაც მხარეები ჰუმანიტარულ საკითხებზე, მათ შორის სამხედრო ტყვეების გაცვლაზე შეთანხმდნენ.