„საშიში სიტუაციაა... იყავით ფრთხილად!“ - მეტეოროლოგი მოსახლეობას აფრთხილებს
1758310875
ესტონეთი ნატოს მეოთხე მუხლის ამოქმედებას ითხოვს და მოკავშირეებს შეკრებისკენ მოუწოდებს. ამის მიზეზად ტალინი რუსეთის მხრიდან ქვეყნის საჰაერო სივრცის დარღვევას ასახელებს. ბრალდებებს არ ეთანხმება მოსკოვი და მხოლოდ იმას ადასტურებს, რომ რუსული სამი გამანადგურებელი გეგმურ რეისს ასრულებდა. საკითხის შესწავლაზე საუბრობს დონალდ ტრამპი, ბრიუსელი კი აქცენტს ზეწოლის გაძლიერებაზე აკეთებს და კრემლს მოლაპარაკების მაგიდასთან იწვევს.
სამი რუსული საბრძოლო თვითმფრინავი ესტონეთის საჰაერო სივრცეში უნებართვოდ შეიჭრა. ოფიციალური ტალინი ირწმუნება, რომ საჰაერო-კოსმოსური ძალების "მიგ-31 კა"-ს ტიპის გამანადგურებელ-გზაგადამჭრელი საფრენი აპარატები კარელიის რესპუბლიკიდან აფრინდა, რომელიც რუსეთის ფედერაციის სუბიექტია. ავიაგამანადგურებლები მალევე მიუახლოვდნენ ესტონეთის დედაქალაქს და მის საჰაერო სივრცეში რამდენიმე მანევრი შეასრულეს.
რუსულმა რაკეტმზიდებმა ნატოს წევრი სახელმწიფოს საჰაერო სივრცეში 12 წუთი დაჰყვეს. საბოლოოდ მათ ესტონეთის საჰაერო სივრცე იტალიის სამხედრო ძალების "ეფ-35"-ებმა დაატოვებინეს.
ვარშავისა და ბუქარესტის შემდეგ ტალინი ნატოს წევრი მესამე სახელმწიფოა, რომელიც რუსეთს საკუთარი საჰაერო სივრცის უხეშად დარღვევაში ადანაშაულებს. ტალინში თვლიან, რომ მოსკოვი ნატოს და მისი მე-5 მუხლის მოქმედების შესაძლებლობას ცდის. ესტონეთი ახლა ნატოსგან მეოთხე მუხლის ამოქმედებას, წევრი სახელმწიფოების დაუყოვნებლივ შეკრებას, რუსეთის ქმედებებზე რეაგირებას და კონკრეტულ ნაბიჯებს ითხოვს.
მოსკოვი ბრალდებებს უარყოფს. მანამ სანამ ჩრდილოატლანტიკური ალიანსი გადაწყვეტილებას მიიღებს და ოფიციალური ტალინის მოთხოვნას უპასუხებს, რუსეთის თავდაცვის სამინისტრო განცხადებას ავრცელებს. კრემლი ადასტურებს, რომ ავიაგამანადგურებლები რუსულია, თუმცა ირწმუნება, რომ ფრენის დროს არცერთი ქვეყნის საზღვარი არ დარღვეულა.
მოსკოვში დაწერილი განცხადების არ სჯერათ ბრიუსელში. ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტი კრემლის ქმედებებს განსაკუთრებით საშიშ პროვოკაციას უწოდებს და საერთაშორისო საზოგადოებას რუსეთზე ზეწოლის გაზრდისკენ მოუწოდებს.
გუშინ ესტონეთის საჰაერო სივრცეში მომხდარ ფაქტზე შეკითხვა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტსაც დაუსვეს. ტრამპმა თქვა, რომ სიტუაცია შესასწავლია, თუმცა არ არის გამორიცხული ინციდენტს ბევრად მასშტაბური პროცესები მოჰყვეს.
რუსეთის ფედერაციამ ნატოს წევრი სახელმწიფოს საჰაერო სივრცე ამ თვეში პირველად 10 სექტემბერს დაარღვია. კრემლის უპილოტო საფრენმა აპარატებმა მაშინ პოლონეთის საჰაერო სივრცე გადაკვეთა, რასაც ვარშავაში "აგრესიის აქტი" უწოდეს. ინციდენტის გამო, პოლონეთმა ნატოს მე-4 მუხლის ამოქმედება მოითხოვა, რომლის ფარგლებშიც ჩრდილოატლანტიკური ორგანიზაციის წევრმა სახელმწიფოებმა უსაფრთხოების საკითხებზე კონსულტაციები გამართეს, თუმცა კონკრეტული გადაწყვეტილების შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა.