რუსეთის შორეულ აღმოსავლეთში 8.8 სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა, ცუნამის შესახებ გაფრთხილება გავრცელდა რუსეთში, იაპონიასა და აშშ-ში

მკ

რუსეთის შორეულ აღმოსავლეთში ძლიერი მიწისძვრა მოხდა. მიწისქვეშა ბიძგების სიმძლავრე 8.8 მაგნიტუდას შეადგენდა.

აშშ-ის გეოლოგიური სამსახურის ცნობით, სტიქიის ეპიცენტრი პეტროპავლოვსკ-კამჩატსკიდან 126 კილომეტრის დაშორებით, 18 კილომეტრის სიღრმეზე მდებარეობდა.

ძლიერი მიწისძვრის გამო ცუნამის შესახებ გაფრთხილება გავრცელდა როგორც რუსეთში, ისე იაპონიასა და აშშ-ში.

კამჩატკის ნაწილზე ცუნამის სიმაღლე 3-4 მეტრს აღწევდა.

 

 

მიწისძვრის შედეგად არიან დაშავებულები. ასევე დაზიანდა რამდენიმე შენობა.

ცუნამი დაატყდა თავს კურილიის კუნძულებსაც. შედეგად, დაიტბორა ქალაქი სევერო-კურილსკი, რომლის მოსახლეობაც 2000 ადამიანს შეადგენს.

იაპონიაში მოსალოდნელი სტიქიის შესახებ გაფრთხილება გაავრცელეს კუნძულ ჰოკაიდოდან კუიშუმდე, სანაპირო რეგიონებში. იაპონიის ხელისუფლებამ მოსახლეობას სასწრაფო ევაკუაციისკენ მოუწოდა.

ცუნამის პირველი ტალღა ჰოკაიდოს საპორტო ქალაქ ნემუროს უკვე დაატყდა თავს და მისი სიმაღლე 30 სმ იყო. დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა.

ცუნამის შესახებ გაფრთხილება გავრცელდა აშშ-ის მთელ დასავლეთ სანაპიროზე, ალასკას კუნძულებზე, ასევე ჰავაისა და გუამზე. ამ შემთხვევაშიც მოსახლეობას სანაპიროს სიახლოვეს დატოვებისკენ მოუწოდებდნენ. ევაკუაციის განკარგულება გავრცელდა ჰავაის დედაქალაქ ჰობალულუს მცხოვრებლებისთვისაც.

ცნობისთვის, კამჩატკას ნახევარკუნძულთან უკანასკნელ პერიოდში რამდენიმე ძლიერი მიწისძვრა მოხდა. 20 ივლისს მომხდარი სტიქიის სიმძლავრრ 7.5 მაგნიტუდას აღწევდა.