1747683286
რუსეთის მსგავსად, ისრაელიც არ უნდა მონაწილეობდეს ევროვიზიის მუსიკალურ კონკურსში - პედრო სანჩესი

ესპანეთის პრემიერ-მინისტრი პედრო სანჩესი აცხადებს, რომ რუსეთის მსგავსად, ისრაელიც არ უნდა მონაწილეობდეს ევროვიზიის მუსიკალურ კონკურსში. ამის შესახებ პედრო სანჩესმა მადრიდში ერთ-ერთ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას ისაუბრა. პედრო სანჩესმა უკრაინელებს და პალესტინელებს სოლიდარობა გამოუცხადა.
„ესპანეთის ერთგულება საერთაშორისო სამართლისა და ადამიანის უფლებებისადმი მუდმივი და თანმიმდევრული უნდა იყოს, მათ შორის ევროპაშიც. სწორედ ამიტომ არ ვფიქრობ, რომ ვინმეს გაუკვირდა, როდესაც სამი წლის წინ უკრაინაში რუსეთის ინტერვენცია დაიწყო და მოითხოვეს რუსეთის გარიცხვა საერთაშორისო კონკურსებიდან, მათ შორის, მაგალითად, ევროვიზიიდან, რაც გასულ შაბათ-კვირას ვიხილეთ. შესაბამისად, არც ისრაელი უნდა მონაწილეობდეს, რადგან არ შეიძლება, დავუშვათ ორმაგი სტანდარტები კულტურაშიც. აქედან ჩემს სოლიდარობას ვუგზავნი უკრაინის ხალხს და პალესტინის ხალხს, რომლებიც განიცდიან ომისა და დაბომბვის უაზრობას“, – განაცხადა სანჩესმა.
შეგახსენებთ, გასულ წელს ესპანეთის მთავრობამ პალესტინის სახელმწიფო ოფიციალურად აღიარა.