1757362342
რუსები კვლავ ურტყამენ ჩვენს ენერგეტიკის ინფრასტრუქტურას, რა თქმა უნდა, ჩვენ გვექნება პასუხი - ზელენსკი

რუსები კვლავ ურტყამენ ჩვენს ენერგეტიკის ინფრასტრუქტურას, რა თქმა უნდა, ჩვენ გვექნება ამაზე პასუხი, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ყოველდღიური მიმართვისას განაცხადა.
უკრაინის პრეზიდენტის თქმით, დღეს სამხედრო შტაბის სხდომა გამართა, სადაც ქვეყნის თავდაცვისთვის საჭირო კრიტიკული საკითხები განიხილეს.
„სხდომაზე ყურადღება გამახვილდა რუსეთის განახლებულ თავდასხმებზე უკრაინის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე, ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის დაცვაზე. ამაზე საპასუხო ქმედებები არსებობს და აუცილებლად იქნება, თუმცა მთავარია სისტემის სტაბილურობა. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო თავდაცვის სისტემებისა და რაკეტების მარაგების, წარმოებისა და მიწოდების გრაფიკების, დრონების წარმოებისა და სამხედრო შესაძლებლობების საკითხებს“, – განაცხადა ზელენსკიმ.
ამასთან, უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ უკრაინის თავდაცვის მინისტრს, დენის შმიგალს უკრაინის თავდაცვის საკონტაქტო ჯგუფის, „რამშტაინის“ შეხვედრის შესახებ ესაუბრა.
„მიმდინარეობს უკრაინის თავდაცვის საკონტაქტო ჯგუფის, „რამშტაინის“ შეხვედრისთვის მზადება. საჰაერო თავდაცვის გაძლიერება ამ „რამშტაინის“ შეხვედრის მთავარი მიზანია, ასევე ჩვენი კონტაქტები ევროპასა და აშშ-სთან. ამასთან, მინისტრთან ერთად, განვსაზღვრეთ 2026 წლის პრიორიტეტები. ეს ეხება როგორც თავდაცვის ძალებისთვის საჭირო ძირითად აქტივებს, ასევე ფინანსებს. ჩვენს პარტნიორებთან ერთად ბევრი სამუშაოა გასაკეთებელი, ყველანი თანაბრად ეფექტურები უნდა ვიყოთ, ყველა სახელმწიფო ინსტიტუტი, ყველა, ვინც თავდაცვისთვის მუშაობს. უკრაინის არმია უნდა იყოს და იქნება! ურყევად ძლიერი“, – განაცხადა ზელენსკიმ.