რუბიო: აშშ მზად არის ჩაერთოს უკრაინის სამშვიდობო პროცესში, თუ გარღვევის შანსი გამოჩნდება - ომი არ დასრულდება რომელიმე მხარის სამხედრო გამარჯვებით

მარკო რუბიო

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ უკრაინაში მიმდინარე კონფლიქტსა და სამშვიდობო მოლაპარაკებების პერსპექტივაზე ისაუბრა. მისი განცხადებით, რუსეთსა და უკრაინას შორის აქამდე გამართული მოლაპარაკებები, „სამწუხაროდ, ნაყოფიერი არ ყოფილა“, თუმცა ვაშინგტონი მზადყოფნას გამოთქვამს, კვლავაც შეასრულოს თავისი როლი ამ პროცესში.

„თუ ჩვენ დავინახავთ შესაძლებლობას, მოვაწყოთ ისეთი მოლაპარაკებები, რომლებიც იქნება პროდუქტიული, და არა კონტრპროდუქტიული, და რომლებსაც ექნებათ წარმატების შანსი, ჩვენ მზად ვართ ეს როლი ავიღოთ საკუთარ თავზე“, - აღნიშნა რუბიომ.

ამასთანავე, სახელმწიფო მდივანმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ვაშინგტონი არ აპირებს დრო უშედეგო დიპლომატიურ შეხვედრებზე დაკარგოს: „ჩვენ არ ვართ დაინტერესებულები ჩავერთოთ შეხვედრების უსასრულო ციკლში, რომლებსაც არანაირი შედეგი არ მოაქვს“.

ომის დასრულების პერსპექტივაზე საუბრისას, რუბიომ აღნიშნა, რომ ეს კონფლიქტი ტრადიციული გაგებით ვერ დასრულდება. მისი თქმით, ომი „არ დასრულდება რომელიმე მხარის სამხედრო გამარჯვებით“, თუკი მხედველობაში მივიღებთ იმას, თუ როგორ განისაზღვრებოდა გამარჯვება ტრადიციულად. ამავდროულად, მან იმედი გამოთქვა, რომ ერთ დღეს კონფლიქტის გადაჭრის გზა აუცილებლად მოიძებნება.