წყალი 36 საათით შეწყდება - ნახეთ, მისამართები და გრაფიკი დეტალურად
1790191248
რომის პაპი ლეო XIV საფრანგეთში ოთხდღიანი ვიზიტით ჩავიდა. ბოლო 18 წლის მანძილზე, კათოლიკური სამყაროს წინამძღოლის ეს პირველი ოფიციალური ვიზიტია საფრანგეთში.
პარიზში დახვედრის ცერემონიის შემდეგ, რომის პაპი საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონს ელისეს სასახლეში შეხვდა.
როგორც შეხვედრისას ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომის პაპის ვიზიტი მისთვის დიდი პატივია. ამასთან, საფრანგეთის პრეზიდენტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ფრანგული სეკულარიზმი რელიგიის უარყოფას არ ნიშნავს. მაკრონმა სიტყვით გამოსვლის დროს ასევე ისაუბრა ნოტრ დამის საკათედრო ტაძრის რეკონსტრუქციაზე.
„ის აღდგენილია არა მხოლოდ კათოლიკეებისთვის, არამედ ყველა ფრანგი ხალხისთვის და, ფაქტობრივად, მთელი მსოფლიოსთვის. ნოტრ დამი ჩვენი ნაწილია, იმ არსებითად ფრანგული სურვილის სიმბოლო, შესთავაზოს მსოფლიოს ყველა ის სილამაზე, რომლის შექმნაც ადამიანის სულს შეუძლია, როდესაც მას უნივერსალური ძმობის იდეალი ამოძრავებს“, – განაცხადა მაკრონმა.
საფრანგეთის პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ ხელოვნური ინტელექტი ადამიანებს უნდა ემსახუროს და არა დაიმონოს ისინი.
„ხელოვნური ინტელექტი უნდა იყოს მსახური და არა ბატონი. ციფრულმა რევოლუციამ არ უნდა დაიმონოს ადამიანები. ამიტომ, ჩვენი პასუხისმგებლობაა, არ დაუშვათ ყველაზე მოწინავე მოდელების იმ მცირერიცხოვანი ადამიანების ხელში მოხვედრა, რომლებიც შემდეგ მთელი კაცობრიობის სახელით გადაწყვეტენ. არც უნდა დავუშვათ, რომ მისმა ყველაზე მნიშვნელოვანმა წინსვლამ კონტროლის დაკარგვამდე მიგვიყვანოს“, – განაცხადა მაკრონმა.
თავის მხრივ, რომის პაპმა განაცხადა, რომ საფრანგეთი ხშირად არის მის ლოცვებში. მისივე თქმით, საფრანგეთის დევიზი – თავისუფლება, თანასწორობა და ძმობა – მხოლოდ სიტყვები არ არის.
ამასთან, პაპმა კიდევ ერთხელ გაიმეორა მოწოდება ბირთვული იარაღის სრული აკრძალვის შესახებ და დიალოგის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი.
„მშვიდობა მხოლოდ ძალთა ბალანსი არ არის; ის ყოველდღიურად დიალოგისა და სამართლიანობის გზით შენდება. ამიტომ, მოგიწოდებთ, არასოდეს შეურიგდეთ ომის პერსპექტივას ან არ მიიჩნიოთ ის გარდაუვლად, არამედ დაუღალავად წაახალისოთ დიალოგი და დიპლომატია, რათა შეინარჩუნოთ მშვიდობიანი საზოგადოებები, რომლებიც პატივს სცემენ ინდივიდებისა და ხალხების ღირსებასა და უფლებებს“, – განაცხადა რომის პაპმა.