რობერტა მეცოლა აშშ-ის მიერ ყოფილი ევროკომისრისთვის, ტიერი ბრეტონისთვის და კიდევ ოთხი ევროპელისთვის დაწესებულ სანქციებს გმობს

რობერტა მეცოლა

ევროპარლამენტის პრეზიდენტი რობერტა მეცოლა აშშ-ის მიერ ყოფილი ევროკომისრისთვის, ტიერი ბრეტონისთვის და კიდევ ოთხი ევროპელისთვის დაწესებულ სანქციებს გმობს. ამის შესახებ რობერტა მეცოლა სოციალურ ქსელ X-ზე წერს.

მისი თქმით, ტიერი ბრეტონისა და სხვების მიმართ მოგზაურობის აკრძალვის დაწესება იმის გამო, რომ ის ევროკომისრის მოვალეობას ასრულებდა, მიუღებელია.

ევროპარლამენტის პრეზიდენტი ამ შეზღუდვების გაუქმებას ითხოვს.

„ევროპარლამენტის სახელით, მოვითხოვ მის სწრაფად გაუქმებას“, – წერს რობერტა მეცოლა.

ცნობისთვის, სახელმწიფო დეპარტამენტმა აშშ-ში შესვლა აუკრძალა ხუთ პირს, რომლებიც ამერიკულ ონლაინ პლატფორმებზე მასალების ცენზურას ახდენდნენ.