Reuters: ვაშინგტონის შტატში, სპოკანის მახლობლად ხანძრებმა 700-ზე მეტი შენობა გაანადგურა, 64 000 ადამიანს კი ევაკუაცია მოუწია

ხანძრებმა 700-ზე მეტი შენობა გაანადგურა

ვაშინგტონის შტატის ქალაქ სპოკანის გარეუბნებში მესამე დღეა ტყის ხანძრები მძვინვარებს, რომლებმაც, ოფიციალური პირების განცხადებით, სულ მცირე 700 შენობა გაანადგურა და ათიათასობით ადამიანი აიძულა, დაეტოვებინა საკუთარი სახლი შტატის სიდიდით მეორე ქალაქსა და მის შემოგარენში. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

სამი კერისგან შემდგარი ხანძარი ამჟამად აშშ-ის მასშტაბით ყველაზე პრიორიტეტულ მიმართულებად მიიჩნევა. ის წყნარი ოკეანის ჩრდილო-დასავლეთ რეგიონშია გავრცელებული, სადაც გვალვის გამო ათობით მასშტაბური ტყის ხანძარი უკვე რამდენიმე კვირაა გრძელდება და ჰაერის ხარისხს ფართო ტერიტორიაზე აუარესებს.

სპოკანის მიმდებარე ტერიტორიაზე ხანძარი შაბათს ქალაქის ჩრდილოეთ ნაწილში გაჩნდა. სტიქიამ უკვე დაახლოებით 3 200 ჰექტარის ფართობის ტერიტორია გაანადგურა. სპოკანში, რომელიც აიდაჰოს შტატის საზღვართან, კლდოვანი მთების მთისწინეთში მდებარეობს, დაახლოებით 230 000 ადამიანი ცხოვრობს.

სტიქიის ზონიდან გავრცელებულ ვიდეოკადრებში ჩანს, როგორ ვრცელდება ტყის თავზე რამდენიმე კილომეტრის სიგრძის კვამლი, მაშინ როცა სახანძრო ავიაცია ცეცხლის კერებზე წითელი ფერის სპეციალურ ნივთიერებას ასხამს.

ინციდენტის მართვის შტაბის წარმომადგენლის ბენჯამინ კოსელის განცხადებით, ორშაბათისთვის სავალდებულო ევაკუაციის ბრძანება დაახლოებით 64 000 ადამიანზე გაიცა, მაშინ როდესაც ერთი დღით ადრე მათი რაოდენობა მხოლოდ 4 000 იყო. მისივე თქმით, ხანძარმა სულ მცირე 700 შენობა გაანადგურა, ძირითადად საცხოვრებელ რაიონებში.

ხანძრის გამომწვევ მიზეზებს სამართალდამცველები იძიებენ.