Reuters: მადურო და აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტი სასამართლოს პროცესის დაწყებას 2027 წლის ივნისში სთავაზობენ

მადურო

ვენესუელის ყოფილმა პრეზიდენტმა ნიკოლას მადურომ და აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის პროკურორებმა სასამართლოს შესთავაზეს, რომ სისხლის სამართლის პროცესი ნარკოტრეფიკინგის ბრალდებებზე 2027 წლის ივნისში დაიწყოს. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

როგორც სააგენტო იუწყება, ერთობლივი წინადადება სასამართლოში წარდგენილ დოკუმენტშია ასახული, რომელიც მადუროს საქმის განხილვამდე მომზადდა. სხდომა ოთხშაბათს მანჰეტენის ფედერალურ სასამართლოში გაიმართება.

საქმის განმხილველმა აშშ-ის ფედერალურმა მოსამართლემ ალვინ ჰელერშტაინმა პროცესის გრაფიკი საბოლოოდ თავად უნდა განსაზღვროს. მხარეებმა განაცხადეს, რომ შესაძლოა, შემდგომში ვადების ცვლილება მოითხოვონ.

აშშ-ის სპეცდანიშნულების ძალებმა მადურო და მისი მეუღლე სილია ფლორესი იანვარში, ღამის რეიდის დროს, კარაკასში დააკავეს და ბრალდებების წარსადგენად ნიუ-იორკში გადაიყვანეს. ორივე მათგანი ბრალდებებს არ აღიარებს.

სასამართლოში წარდგენილი დოკუმენტის მიხედვით, ორივე მხარის ადვოკატებმა შესთავაზეს, რომ მადუროს პირველი იურიდიული შუამდგომლობები, მათ შორის საქმის შეწყვეტის მოთხოვნა, 2 სექტემბრამდე წარედგინოს, წერს სააგენტო.

სავარაუდოდ, ერთ-ერთი მთავარი არგუმენტი იქნება მოთხოვნა, რომ საქმე შეწყდეს, რადგან მადუროს, როგორც სუვერენული სახელმწიფოს მეთაურს, სისხლისსამართლებრივი იმუნიტეტი უნდა ჰქონდეს.

დოკუმენტის თანახმად, მას შემდეგ, რაც პროკურორები დაცვის მხარეს საიდუმლო მასალებს გადასცემენ განსახილველად, მადურო მეორე ეტაპის იურიდიულ შუამდგომლობებს 2027 წლის 11 იანვრამდე წარადგენს.