„სამი სიცოცხლე ერთდროულად ჩაქრა...“ - ცეკვის აკადემია „დიდგორი“
1784198497
ხუთშაბათს იტალიის პარლამენტის ქვედა პალატამ საარჩევნო კანონმდებლობის რეფორმირების შესახებ მთავრობის სადავო გეგმას მხარი დაუჭირა - ოპოზიციის შეფასებით, აღნიშნული ნაბიჯი პრემიერ-მინისტრ ჯორჯია მელონის მცდელობაა, 2027 წლის არჩევნებზე საკუთარი პოლიტიკური პოზიციები გაიმყაროს და ძალაუფლება შეინარჩუნოს, - წერს სააგენტო Reuters.
მმართველი მემარჯვენე კოალიციის ინიციატივა სრულად პროპორციულ სისტემაზე გადასვლას გულისხმობს. ამასთან, კანონპროექტი უმრავლესობის გარანტიას აძლევს იმ საარჩევნო ბლოკს, რომელიც ხმების 42%-ზე მეტს მოაგროვებს.
საარჩევნო ბარიერის გადამლახველი გამარჯვებული გაერთიანება 400-წევრიან ქვედა პალატაში 70, ხოლო 200-წევრიან სენატში 35 დამატებით მანდატს მიიღებს. ამასთან, ზედმეტად დიდი უმრავლესობის ფორმირების თავიდან აცილების მიზნით, მათი წარმომადგენლობის ზედა ზღვარი ქვედა პალატაში 220, ხოლო სენატში 113 მანდატით განისაზღვრა.
რეფორმის ირგვლივ გამართულმა დებატებმა მმართველ კოალიციაში არსებული შიდა დაძაბულობა გამოააშკარავა. სამშაბათს პარლამენტმა მხარი არ დაუჭირა მთავრობის ინიციატივას, რომელიც ამომრჩეველს პარტიულ სიებში კონკრეტული კანდიდატებისთვის ხმის მიცემის საშუალებას მისცემდა. აღნიშნული გადაწყვეტილება, ნაწილობრივ, კოალიციის წევრთა ნაწილის მიერ პოზიციის შეცვლამ განაპირობა.
კანონპროექტი დასამტკიცებლად სენატს უნდა გადაეცეს, რასაც მთავრობა ზაფხულის საპარლამენტო არდადეგების დასრულების შემდეგ გეგმავს. ამჟამად მოქმედი სისტემის თანახმად, კანონმდებელთა უმრავლესობა პროპორციული წესით აირჩევა, ხოლო დაახლოებით ერთი მესამედი - მაჟორიტარული წესით. ანალიტიკოსთა შეფასებით, ეს უკანასკნელი მოდელი, როგორც წესი, ოპოზიციური ძალებისთვის უფრო ხელსაყრელია.
მთავრობის მომხრეთა მტკიცებით, აღნიშნული რეფორმა საარჩევნო პროცესის დასრულების შემდეგ სტაბილური საპარლამენტო უმრავლესობის ჩამოყალიბებას უზრუნველყოფს. სექტემბრის დასაწყისში ჯორჯია მელონი იტალიის ომისშემდგომი პერიოდის ყველაზე ხანგრძლივად მოქმედი პრემიერ-მინისტრი გახდება, რაც ქვეყნისთვის უჩვეულოდ ხანგრძლივი პოლიტიკური სტაბილურობის პერიოდის სიმბოლოა.