Reuters: ისრაელის პარლამენტი უცხოეთიდან დაფინანსებული NGO-ებისთვის 80-პროცენტიანი გადასახადის დაწესებას განიხილავს

ისრაელის პარლამენტი

ისრაელის ქნესეთმა კანონპროექტის განხილვა დაიწყო, რომლის თანახმადაც 80-პროცენტიანი გადასახადი დაუწესდებათ იმ არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომელთა დაფინანსების უმეტესობა უცხოეთიდან მოდის. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

ინიციატივის თანახმად, ასეთ არასამთავრობო ორგანიზაციებს ისრაელის სასამართლოებში, უზენაესი სასამართლოს ჩათვლით, პეტიციის შეტანის უფლება არ ექნებათ, თუმცა ფინანსთა სამინისტროს გამონაკლისის გაკეთების საშუალება ექნება.

ის ორგანიზაციები, რომლებიც ისრაელის მთავრობის მიერ ფინანსდება და რომელთა წლიური ბრუნვა 100 ათას შეკელზე, ანუ 27 ათას აშშ დოლარზე ნაკლებია, გადასახადების გადახდისგან გათავისუფლდებიან.

სააგენტოს ინფორმაციით, ქნესეთის კონსტიტუციის, კანონმდებლობისა და მართლმსაჯულების საკითხთა კომიტეტის სხდომაზე, სადაც კანონპროექტი იხილებოდა, მწვავე კამათი იყო. კომიტეტი კანონპროექტს პლენარულ სხდომაზე პირველი მოსმენით გაიტანს.

„ეს კანონი ისრაელის სახელმწიფოს და დემოკრატიას დაიცავს, აგრეთვე ის უკანონო გარე ჩარევას წინ აღუდგება“, - აღნიშნა კანონპროექტის ავტორმა, დეპუტატმა, არიელ კალნერმა.

კალნერმა აგრეთვე აღნიშნა, რომ 2012-2024 წლებში 83 ებრაულ არასამთავრობო ორგანიზაციას უცხოეთიდან 1,3 მილიარდი შეკელი გადაურიცხეს, რაც საშუალოდ დღეში 300 ათას შეკელს შეადგენს.