Reuters: ირანმა უარყო ცეცხლის შეწყვეტის შეთავაზება

ირანი

აშშ-მა და ირანმა განიხილეს ჩარჩო გეგმა კონფლიქტის დასასრულებლად, თუმცა თეირანმა განაცხადა, რომ ომის საბოლოო დასრულება სურს და წინააღმდეგობა გაუწია ზეწოლას დროებითი ზავის პირობებში ჰორმუზის სრუტის სასწრაფოდ გახსნასთან დაკავშირებით. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters ავრცელებს.

ირანმა პაკისტანის მეშვეობით აშშ-ს ომის დასრულების შესახებ შეთავაზებაზე პასუხი გადასცა, რომელშიც უარყო ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება და ხაზი გაუსვა ომის სამუდამოდ დასრულების აუცილებლობას - ამის შესახებ ორშაბათს ოფიციალურმა საინფორმაციო სააგენტო IRNA-მ განაცხადა.

ირანული მხარის პასუხი 10 პუნქტისგან შედგებოდა, რაც მოიცავდა რეგიონში კონფლიქტების დასრულებას, ჰორმუზის სრუტეში უსაფრთხო ნაოსნობის პროტოკოლს, სანქციების მოხსნასა და აღდგენით სამუშაოებს - დასძინა სააგენტომ.

ტრამპი თეირანს „ჯოჯოხეთის“ მოწყობით დაემუქრა იმ შემთხვევაში, თუ სამშაბათს, აღმოსავლეთის დროით 20:00 საათამდე (თბილისის დროით 04:00 საათი, ოთხშაბათი), არ გაფორმდება შეთანხმება გლობალური ენერგომომარაგებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან მარშრუტზე მოძრაობის აღდგენის თაობაზე.