1788242698
REUTERS: დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია ევროპაში მემარჯვენე მედიის მხარდასაჭერად თანხების გამოყოფას გეგმავს
დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია ევროპაში მემარჯვენე მედიის მხარდასაჭერად თანხების გამოყოფას გეგმავს, - ინფორმაციას Reuters-ი წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.
გამოცემის ინფორმაციით, აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია ევროპაში მემარჯვენე მედიის მუშაობის მხარდასაჭერად 4 მილიონი დოლარის დახარჯვას გეგმავს. თანხა 25 მილიონი დოლარის ოდენობის ფინანსური პაკეტის ნაწილია, რომელიც იმ სამოქალაქო საზოგადოების ჯგუფებისთვის იქნება გამოყოფილი, რომლებიც ევროპაში კონსერვატიულ ღირებულებებს იცავენ.
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის დემოკრატიის, ადამიანის უფლებებისა და შრომის ბიუროში განაცხადეს, რომ დაფინანსების გამოყოფის მიზანს ტრანსატლანტიკური კავშირების გაძლიერება და სიტყვის თავისუფლების უფლების მხარდაჭერა წარმოადგენს.
წყაროების თქმით, 3 მილიონი დოლარი გამოიყოფა პროგრამისთვის, რომლის მიზანი „ევროპაში დემოკრატიული უკუსვლის დოკუმენტირება და ანალიზი იქნება, რომელიც უკავშირდება მასობრივ და უკანონო მიგრაციას, დამოუკიდებელი მედიის მდგომარეობას და სუპრანაციონალური ორგანოების საკანონმდებლო დღის წესრიგს“. ასევე, 1 მილიონი დოლარი დამოუკიდებელი ჟურნალისტების კონსორციუმის შექმნის მიზნით გამოიყოფა, რომელიც ისეთ საკითხებს გააშუქებს, როგორიცაა „ეროვნული სუვერენიტეტი, ბუნებრივი უფლებები და რელიგიური თავისუფლება“.
ჯერჯერობით უცნობია, თუ კონკრეტულად რომელი ორგანიზაციები და ჟურნალისტები მიიღებენ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტიდან გრანტებს.
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ბიურო პოლიტიკურ პარტიებს არ აფინანსებს და ტრამპის ადმინისტრაცია მთელ მსოფლიოში, მათ შორის ევროპაში, დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების დაცვის ერთგული რჩება.









