Reuters: დიდ ბრიტანეთში საჰაერო მოძრაობის კონტროლის სისტემის შეფერხებამ აეროპორტებში ფრენები შეაფერხა

დიდ ბრიტანეთში საჰაერო მოძრაობის კონტროლის სისტემის შეფერხებამ აეროპორტებში ფრენები შეაფერხა

დიდი ბრიტანეთის მსხვილ აეროპორტებში საჰაერო მოძრაობის კონტროლის მომსახურების პროვაიდერ NATS-ის სისტემაში ტექნიკური ხარვეზის გამო ფრენები შეფერხდა. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

როგორც სააგენტო იუწყება, 1 000-ზე მეტი ფრენის გაუქმებამ და ასობით რეისის დაგვიანებამ NATS-ის საქმიანობის მიმართ კვლავ წარმოშვა კითხვები. სამი წლის წინ ფრენის გეგმების დამუშავების სისტემის შეფერხებამ ბრიტანეთში კიდევ უფრო მასშტაბური ქაოსი გამოიწვია.

ქვეყნის მასშტაბით აეროპორტების გამგზავრების დარბაზებში მგზავრები ინფორმაციის მოლოდინში იყვნენ, მაშინ, როცა ავიაკომპანიებმა ეჭვი გამოთქვეს, რამდენად ასრულებს ქვეყნის საჰაერო მოძრაობის კონტროლის სისტემა დაკისრებულ მოვალეობას, წერს სააგენტო.

NATS-მა გრინვიჩის დროით 18:34 საათზე განაცხადა, რომ პრობლემა, რომელმაც მისი ფრენის მონაცემების დამუშავების სისტემა დააზიანა, აღმოფხვრილი იყო. მანამდე კომპანიაში აცხადებდნენ, რომ „უსაფრთხოებას საფრთხე არ შეჰქმნია“.

„დღეს სისტემაში წარმოქმნილი პრობლემის აღმოფხვრას იმაზე მეტი დრო დასჭირდა, ვიდრე ვიმედოვნებდით. სისტემის პრობლემა ახლა მოგვარებულია, ჩვეულ რეჟიმში ვმუშაობთ და მაქსიმალურად ვცდილობთ, ფრენების დაგროვილი რიგი აღმოვფხვრათ“, - განაცხადა NATS-მა სოციალურ ქსელ X-ში.

ვებ-გვერდ Flightradar24-ის მონაცემებით, სამშაბათს დიდი ბრიტანეთის აეროპორტებიდან და აეროპორტების მიმართულებით 1 300 ფრენა გაუქმდა. კომპანიამ ასევე განაცხადა, რომ ოთხშაბათისთვის კიდევ 177 ფრენა იყო გაუქმებული, რომელთაგან თითქმის ყველა შემთხვევაში საუბარი იყო ქვეყნის უდიდეს აეროპორტზე ჰითროუზე.